თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაკავებულმა აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობდა პროტესტის ნიშნად, შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მისმა მეგობრებმა დაუდასტურეს.
ტვ „პირველი“ ავრცელებს თორნიკე თოშხუას წერილსაც.
„შიმშილობის საწყისი იმპულსი იყო ჩემი უსამართლო დაკავება, მაგრამ ამ გზის გავლისას მთავარი მოტივაცია იმ ბრაზმა მომცა, რომ რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა, კონსტიტუციის 78-ე მუხლს უღალატა, ნოემბერ-დეკემბერში უმოწყალოდ გვარბია, უსამართლოდ დააკავა თავისუფლებისთვის მებრძოლები, ბოდიში მოუხადა სეპარატისტებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ჩვენ ქვეყანას რუსეთთან ომი დააბრალა.
მენტალურად ათასჯერ იმაზე ძლიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე აქ შემოსვლამდე, მაგრამ დღეს ჩემი შიმშილობის 21-ე დღეა, უკვე ფიზიკური რესურსები იმ ზღვარს უახლოვდება, რომლის მერეც დამოუკიდებლად გადაადგილების ძალა არ გრჩება და მე არ ვაპირებ მწოლიარე მდგომარეობაში ამ ბრძოლის გაგრძელებას.
უღრმესი მადლობა თანადგომისა და გამხნევებისთვის. არ დათმო!“ – წერს თორნიკე თოშხუა.
ყოფილი საჯარო მოხელე, 37 წლის თორნიკე თოშხუა 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. 21 დღის განმავლობაში იგი მხოლოდ წყალს იღებდა.
თორნიკე თოშხუას და საპროტესტო აქციების კიდევ ერთ მონაწილეს, მონაწილე მინდია შერვაშიძეს ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, ბექა გოცირიძის ცემას აბრალებენ. ოპოზიციონერი აქტივისტების ცნობით კი, დაკავებულები პროვოკაციის მსხვერპლები არიან, რადგან გოცირიძე თავად მივიდა რუსთაველზე აქციაზე დანით და თავად მოაწყო დაპირისპირება, რის შემდეგაც ვიდეოებში აცხადებდა, რომ მისი ცემა ვერ მოახერხეს, თუმცა პოლიციამ აქტივისტები მაინც დააკავა.
ამავე თემაზე:
სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც
