გენერალური პროკურატურა პირბადეების თემაზე სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გამოკითხვაზე იბარებს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, “სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა”.
რა ხდება?
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
- „დემოკრატიის მცველების“ ,
- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
- „საფარის“
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
ამავე დღეს, „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
რაში დახარჯეს თანხა ორგანიზაციებმა?
მიუხედავად იმისა, რომ „იმედზე“ გასულ სიუჟეტში 5 ორგანიზაციის შესყიდვები განიხილეს, მაყურებლისთვის გარჩევდი მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი იყო. ამ ორგანიზაციების შესყიდვების ფოტოები მოგვიანებით „იმედის“ Facebook-ის გვერდზეც გამოქვეყნდა, თუმცა ხარისხის გამო მათი გარჩევა შესაძლებელი არაა.

ფოტო: „იმედი“ /FB
„იმედის“ მიერ გამოქვეყნებული იმ დოკუმენტებიდან, რომელთა გარჩევაც შესაძლებელია, რამდენიმე მაგალითით შეგვიძლია გავიგოთ, რა შესყიდვების გამო დაუყადაღეს ორგანიზაციებს ანგარიშები:
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
„იმედის“ ცნობით, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აქციების დროს „დამცავ სათვალეებში, წყალგაუმტარ ქურთუკებში, სხვადასხვა სახის რესპირატორებსა და ნიღბებში ჯამში 3 200 ლარს ხარჯავს“.
„იმედის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ შეიძინა:
- 12 ცალი ნიღაბი – 100 ლარი
- 5 ცალი დამცავი ჰერმეტული სათვალე – 74 ლარი
- 12 ცალი თერმული და წყალგაუმტარი ქურთუკი – 1440 ლარი
- 4 ცალი შავით თხელი ნიღაბი – 40 ლარი
- 4 ცალი თვალებთან ამოჭრილი მთლიანი ნიღაბი – 52 ლარი.

ფოტო: „იმედის“ მიერ გავრცელებული შესყიდვის დოკუმენტები, რომელიც არხის თანახმად, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისაა“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
„იმედის“ თანახმად, „2000 ლარს აჭარბებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხარჯი“. მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ორგანიზაციამ შეიძინა:
- 35 ცალი ბინტი – 18.55 თეთრი
- 35 ცალი სპირტი – 94.50 თეთრი
- 35 ცალი ლეიკოპლასტი – 12.95 თეთრი
- 100 ცალი ნიღაბი – 224 ლარი
- 22 ცალი რესპირატორი – 254.10 თეთრი
- 15 ცალი რესპირატორი – 109.50 თეთრი
- 2 ცალი შავი აეროზოლი – 22.80 თეთრი
- 10 ცალი დამცავი კეპი – 149 ლარი
- 4 ცალი დამცავი სათვალე – 58.40 თეთრი
- 16 ცალი გამჭვირვალე დამცავი სათვალე – 246.40 თეთრი
- 35 ცალი წიწაკის სპრეი – 875 ლარი

ფოტო: „იმედის“ მიერ გავრცელებული შესყიდვის დოკუმენტები, რომელიც არხის თანახმად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრისაა“
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
რა თანხა დახარჯა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ „იმედზე“ არ დაუსახელებიათ. თუმცა მაყურებელს უთხრეს, რომ პირბადეები ამ ორგანიზაციამაც იყიდა. არხის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებში ჩანს, რომ ორგანიზაციამ სხვადასხვა სახის 10 პირბადე შეიძინა და გადაიხადა:
- 5 ცალი დამცავი პირბადე – 339. 40 თეთრი
- 5 ცალი დამცავი პირბადე – 339.40 თეთრი

ფოტო: „იმედის“ მიერ გავრცელებული შესყიდვის დოკუმენტები, რომელიც არხის თანახმად, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისაა“
რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, მათზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია გაარჩევდი არაა. „იმედზე“ წაკითხული ტექსტის მიხედვით კი:
- „აქციისთვის საჭირო ინვენტარში 1200 ლარზე მეტს იხდის „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
- „დემოკრატიის მცველები“, დაახლოებით, 500 ლარს ხარჯავს პირბადეებში.
განახლება:
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორმა, სოფო ბერიძემ ამჯერადაც თქვა, რომ „ექსკლუზიურად მოიპოვეს“ ISFED -ის შესყიდვის დოკუმენტი, რომელიც „საბოტაჟის“ საქმეში დევს.
„იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
ვისთვის ყიდულობდნენ დამცავ საშუალებებს ორგანიზაციები?
რომ დავუშვათ, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია სწორია, გამოდის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს რამდენიმე ათეული დამცავი საშუალების შეძენა ეთვლებათ ისეთი აქციების „მომარაგებად“, სადაც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა?!
არაერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ პირბადეები და სხვა დამცავი საშუალებები საკუთარი თანამშრომლებისთვის შეიძინეს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ აქციებში ან ადოკუმენტირებდნენ უფლებადარღვევის ფაქტებს.
„არა, არაფრით არ ვამარაგებდით აქციებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მართლაც გვაქვს შეძენილი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებდნენ ამ აქციებს. მათთვის გვაქვს შეძენილი როგორც პირბადეები, ისე ჩაფხუტები. იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ გაეშუქებინათ აქციები. რისი სრული უფლებაც გვქონდა, რადგან იცით, რომ ჟურნალისტებსაც, თქვენს კოლეგებსაც თავს ესხმოდნენ როგორც პოლიციელები, ისე ცალკეული მოძალადეები“, – განაცხადა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელმა“, ქეთი ხუციშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
„იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იურისტი ლინა ღვინიანიძე. მისი თქმით, ის დამცავი საშუალებები, რაზეც პროპაგანდისტული არხი საუბრობს, ორგანიზაციებს თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოების დასაცავად ჰქონდათ შეძენილი.
„რამდენიმე მსგავსი შესყიდვა [არის] საშუალოდ 20-30 ერთეულით. ამდენი თანამშრომელი ჰყავს ორგანიზაციას [„სოციალური სამართლიანობის ცენტრს“], რომლებიც ამ პერიოდში ველზე მუშაობდნენ და ადამიანის უფლებების ბრუტალურ დარღვევებს უმძიმესი რისკის პირობებში აღწერდნენ. ასეთივეა „იმედის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური მასალა სხვა ორგანიზაციების შემთხვევებში, მაგალითად, ერთ-ერთი ორგანიზაციის შესყიდვა 500 ლარამდეა. საერთო ჯამში 5 ორგანიზაციის შესყიდვა პროპაგანდისვე მიხედვით, 7000 ლარს არც კი აღწევს“, – აცხადებს ლინა ღვინიანიძე.
“რუსულ პროპაგანდისტულ არხ “იმედზე” გამოქვეყნებული სასაქონლო ზედნადებების თანახმად, “დემოკრატიის მცველებს”, აქციების დროს, ჯამში თურმე შეძენილი გვაქვს 118 ცალი რესპირატორი (პირბადე). მაგარი გადარჩენილი არიან ქოცები. კიდევ 50 ცალიც რომ დაგვემატებინა, დაღუპულები იყვნენ”, – დაწერა ფეისბუკზე იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.
„საბოტაჟის“ შესახებ გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მარტში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა, მათ შორის: ნანუკას ჟორჟოლიანის ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
