31 აგვისტოს ამოიწურა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა, რათა ევროკავშირისთვის წარედგინა ინფორმაცია, თუ რა გააკეთა იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ, დადგენილ ვადაში, ევროკომისიას ანგარიში მიაწოდეს, თუმცა უცნობია მისი შინაარსი.
რა ხდება?
უვიზო რეჟიმი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემაზეა დამოკიდებული. ამ პირობებს ევროკომისია ყოველწლიურად აფასებს. 2024 წლის დეკემბრის ევროკომისიის ანგარიშში გამოთქმული იყო სერიოზული შეშფოთება საქართველოში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
ამის შემდეგ, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.
ივლისში ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2024 წლის ანგარიშის მიღების შემდეგ წინსვლა არ შეინიშნება და ფუნდამენტური უფლებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებში კიდევ უფრო მეტი უკუსვლაა.
ამიტომ 14 ივლისს ევროკავშირმა საქართველოსგან დღემდე მიღებული ზომების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოითხოვა. ამ ინფორმაციის მისაწოდებლად ხელისუფლებას ვადა აგვისტოს ბოლომდე განუსაზღვრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ევროკომისიას ანგარიში გუშინ, 31 აგვისტოს, დადგენილ ვადაში, მიეწოდა. რა წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ ანგარიშში ამ ეტაპზე უცნობია. უწყებაში არც იმას ამბობენ, აპირებენ თუ არა გაასაჯაროონ ევროკომისიისთვის გაგზავნილი პასუხი.
რას ითხოვდა ევროკავშირი საქართველოსგან?
2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული რეკომენდაციები საჭირო ძირითად რეფორმებს ასახავს და ხელისუფლებას მოუწოდებს ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ, ასევე, ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერებისკენ.
ივლისში ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს თან ახლდა დანართი, რომელიც ხელისუფლებას 8 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებდა. ესენია:
- უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
- თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრულად დაცვა.
- საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეუსაბამოს ევროკავშირთან სავიზო ვალდებულების მქონე მესამე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისათვის არარეგულარული მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკს წარმოადგენენ.
- გააძლიეროს მოქმედება დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნების და წევრ სახელმწიფოებში არარეგულარული ყოფნის საკითხის აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ინფორმაციის კამპანიები უვიზო რეჟიმზე შესაბამისი მიგრანტების ჯგუფებისთვის და საზღვრის გაძლიერებული კონტროლი.
- დააარსოს აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გაგრძელდეს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.
- მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი რანგის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და განხილვას.
- შეცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონი ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებთან შესაბამისობაში, განსაკუთრებით ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების უზრუნველყოფის მიზნით.
- პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“?
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 8 რეკომენდაციის შესასრულებლად „ქართულ ოცნებას“ ძალისხმევა არ გაუწევია. მეტიც, რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ის შანტაჟად შეაფასა, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის დღის წესრიგში დაყენებაც შეთქმულების თეორიით ახსნა და „გლობალურ ომის პარტიას“ დაუკავშირა.
„სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში – ევროპარლამენტმა მიიღო მეშვიდე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და რადიკალური ოპოზიციის მხარდასაჭერად; საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებით გვემუქრებიან; ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მსჯელობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ; ბოლოს კი, ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა – რა საერთო შეიძლება ჰქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან? ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს, რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ 18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ 8 რეკომენდაციიდან საჯარო კომუნიკაციაში ძირითადად მხოლოდ იმ რეკომენდაციაზე გაემახვილებინა ყურადღება, რომელიც “რუსული კანონის” ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის გაუქმებას ითხოვს.
„ქართულ ოცნებაში“ შეეცადნენ ეს რეკომენდაცია ისე წარმოეჩინათ, თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვდა. მაშინ, როცა რეკომენდაციის მიზანი ლგბტქ პირთა უფლებების დაცვაა და არსად წერია, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაკანონდეს.
„თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო – შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ!..
შანტაჟის ობიექტი – ქართველი ხალხი!!! აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსებს გვემუქრებოდნენ და გვასანქცირებდნენ…
შანტაჟის ავტორი: არც მეტი, არც ნაკლები – ევროკავშირის ელჩი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, თუ ვიზის გარეშე აღარ შეგიშვებთ ევროპაში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენს ხელისუფლებას ეკისრებაო!
ჩვენ თუ დაჩაგვრა მოგინდომეთ და უსამართლოდ მოგექეცით, თქვენი ბრალი იქნებაო – ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედის “დემოკრატიული მიგნებების კულმინაცია”.
თუმცა, საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას – ეს არის ჩვენი სამშობლოს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მთავარი საიდუმლო, რომლის გააზრება ძალიან უჭირთ!…“, – დაწერა 18 ივლისს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
„ბრიუსელი ითხოვს, რომ ვთქვათ, დედამიწა მრგვალი კი არაა, ბრტყელია, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსული კანონისა და ჰომოფობიური კანონის გარდა “ქართულ ოცნებას” ევროკომისიის სხვა რეკომენდაციების შესრულებაზეც არ უაქტიურია.
გარდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ რიტორიკის დონეზეც არაფერი შეუცვლია, 27 აგვისტოს, პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, რასაც ევროკავშირისგან კრიტიკა მოჰყვა. როგორც ცნობილია, გაერთიანების უფლება, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია და ამას ეხება ევროკომისიის პირველი რეკომენდაციაც.
ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღება ბრიუსელთან ურთიერთობების ესკალაციად შეაფასეს თავად მესამე სექტორში.
ევროკავშირმა კი საბანკო ანგარიშების დაყადაღებას პოლიტიკური დევნა უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება.
რა მოხდება შემდეგ?
ივლისში რეკომენდაციების გაცემის დროს ევროკავშირში გარკვევით თქვეს, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა, ამას უვიზო რეჟიმის შეჩერება მოჰყვეს.
„მათ [რეკომენდაციების] შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე მიეცათ. შეკითხვა არის ასეთი: რა რეაგირება გვექნება, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება?
აქამდე გვქონდა ისეთი პოზიცია, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, პარალელურად, ევროკავშირის სანდოობის საკითხი არსებობს. როდესაც ქვეყანა არ ასრულებს პირობებს, ამას შედეგები მოჰყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა 15 ივლისს.
ახლა ევროკომისიამ უნდა შეაფასოს რეკომენდაციების შესრულება ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების მუდმივი შეუსრულებლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ დაიწყოს პროცედურები უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად.
რაც შეეხება პროცედურას, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნა შეუძლია ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს ან ევროკომისიას. შესაბამისად, ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის შეტყობინების საფუძველზე მიმართავს ევროპარლამენტს და მინისტრთა საბჭოს და წარადგენს ანგარიშს, რომლითაც ადასტურებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებიდან რომელიმე ირღვევა. ამის შემდეგ საკითხს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო განიხილავს და ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან უმრავლესობით კონკრეტულ სახელმწიფოსთან დროებით, 9 თვით აჩერებს უვიზო მიმოსვლას.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ, ამ 9-თვიან პერიოდში, ევროკომისია აგრძელებს დიალოგს კონკრეტულ ქვეყანასთან, რათა სადავო გარემოებები აღმოიფხვრას, რის გამოც შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ამ 9 თვეში სადავო გარემოებებს არ გამოასწორებს, მაშინ კომისიას შეუძლია, რომ მასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება კიდევ 18 თვით გაახანგრძლივოს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს გარემოებები არც 18 თვეში აღმოიფხვრა, ამის შემდეგ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეუძლია უმრავლესობით კონკრეტულ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა საერთოდ გაწყვიტოს.
