გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი გლდანის ციხის დირექტორისა და პენიტენციურის მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მანევრად აფასებს და ამბობს, რომ ეს არ არის სამართლებრივი პასუხი იმ არასათანადო მოპყრობაზე, რომელსაც 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ჰქონდა ადგილი.

დავით ჯანდიერი დღეს, პენიტენციური სამსახურის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ, შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს.

„გიორგი პოზიციაა, რომ ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად მათ სურთ ერთი სისტემური დანაშაულის გადაფარვა მეორე დანაშაულით. ის აცხადებს, რომ როგორც მწვანე ზოლში მის დაკავებას არ ჰქონია ადგილი, ზუსტად ისევე თვითონ არავითარ თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, რომ გიორგიმ გაუწია ორგანიზება იმ დანაშაულს, რომელსაც მის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი. ასეთი ვარაუდის გაკეთების საშუალებას იძლევა პენიტენციური სამსაუხურის განცხადება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჯანდიერმა.

მისი თქმით, საქმეს უნდა იძიებდეს დამოუკიდებელი უწყება და არა ის, რომლის თანამშრომლების მიიმართ არის ეჭვი დანაშაულში მონაწილეობაზე. ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი, რაზეც რამდენჯერმე უარი ეთქვა.

ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გია ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.

გამოძიების ვერსიით, „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“.

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში მისთვის უცნობმა პირმა სცემა.

წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.

ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.

გლდანის ციხის დირექტორი და პენიტენციურის მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს