„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მათი კრიტიკის სანაცვლოდ ქართული ოპოზიციისგან ფულს იღებს, რომელიც მასთან ლობისტების გავლით მიდის. ამის დამდასტურებელი მტკიცებულებები “ოცნებას” საზოგადოებისთვის არ წარუდგენია.

რა ხდება?

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკაში დაიქირავა ლობისტური კომპანია “ნელსონ მალინსი”. შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის (FARA) გვერდზე გამოქვეყნდა. „ნელსონ მალინსი“ არის აშშ-ში მოქმედი იურიდიული ფირმა და ლობისტური ჯგუფი, რომელიც 1897 წელსაა დაფუძნებული და 1000-ზე მეტი ადვოკატი და პოლიტიკის მრჩეველი ჰყავს. წარსულში ამ ფირმასთან უთანამშრომლია აშშ-ის მოქმედ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს.

FARA-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიას შორის ხელშეკრულება 2025 წლის 7 ივლისს გაფორმდა და მას ხელს ენმ-ის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტურ კომპანიას ვაშინგტონში სამომავლოდ მისი ინტერესების ადვოკატირებისთვის 360 ათასი დოლარი გადაუხადა.

რას მოიცავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ნელსონ მალინსის“ შეთანხმება:

  • ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ადვოკატირება
  • რჩევებისა და დახმარების გაწევა ამერიკის შეერთებულ შტატებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური საქმიანობის მხარდასაჭერად
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად

თუმცა FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსად არაა ნახსენები კონგრესმენი ჯო უილსონი და, შესაბამისად, არც ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადახდილი ფულის ნაწილი კონგრესმენ ჯო უილსონსაც ეკუთვნის.

ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ ხელშეკრულება, რომლითაც „ქართული ოცნება“ მანიპულირებს, ორი კვირის წინაა გაფორმებული და სამომავლო თანამშრომლობას ეხება. მაშინ, როცა ჯო უილსონი ბოლო წლებია „ოცნებას“ აქტიურად აკრიტიკებს და „მეგობარი აქტიც“, რომელიც მათთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, გასულ წელს მოამზადა.

მაშინ რატომ ამტკიცებს „ქართული ოცნება“, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი მათი კრიტიკის სანაცვლოდ ლობისტებისგან ფულს იღებს?

საქმე ის არის, რომ კომპანია „ნელსონ მალინსი“ (და მასთან აფილირებული ინდივიდუალური პირები) აქტიურად აფინანსებს აშშ-ში საარჩევნო კამპანიებს, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიისას.

მაგალითად, 2024 წელს „ნელსონ მალინსმა“ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანია 72 591 დოლარით დააფინანსა. ამავე დროს 11 164 დოლარით დააფინანსა რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი და 33 609 დოლარით აქვს დაფინანსებული  ნიკი ჰეილის კამპანია, რომელსაც რესპუბლიკური პარტიიდან სურდა აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრა.

კომპანია „ნელსონ მალინსს“ მსგავსი მიდგომა აქვს კონგრესის ორივე პალატის საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისასაც. ამ შემთხვევაშიც კომპანია ორივე პარტიის არაერთ კანდიდატს აფინანსებს.

2024 წელს „ნელსონ მალინსისგან“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში არჩევისთვის შემოწირულება მიიღო 146-მა კანდიდატმა, საიდანაც 91 დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, ხოლო 55 – რესპუბლიკელი იყო. მათ შორისაა  სამხრეთკაროლინელი კონგრესმენის, ჯო უილსონის საარჩევნო კამპანიაც, რომელსაც „ნელსონ მალინსი“ ათეულობით წლებია აფინანსებს. მაგალითად, 2024 წელს ჯო უილსონმა საარჩევნო კამპანიისთვის „ნელსონ მალინსისგან“ 10 000 დოლარის შემოწირულება მიიღო.

 

ფოტო: „ნელსონ მალინსის“ მიერ 2024 წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კანდიდატების დაფინანსება

ამ მონაცემებზე აპელირებით „ქართული ოცნება“ მანიპულირებს, რომ ჯო უილსონი მათი კრიტიკის სანაცვლოდ ფულს ოპოზიციისგან იღებს, რომელიც კონგრესმენს ლობისტი კომპანიის გავლით მისდის. მაგალითად, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნელსონ მალინსისთვის“ გადახდილი 360 ათასი დოლარი ჯო უილსონისთვის გადახდილად წარმოაჩინა.

„ვამბობდით, გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან ფული იყო. დღეს გავიგეთ, თურმე რა არის ჯო უილსონის საქართველოს მიმართ სიყვარულის და მეგობრობის ფასი – ეს არის 360 ათასი დოლარი, დაახლოებით მილიონი ლარი”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კი ჯო უილსონის მოსასყიდ თანხად 10 000 დოლარი დაასახელა.

„ცალკე საკითხია, როდესაც ბატონი ჯო უილსონი აღმოჩნდა, რომ თურმე თანხებს იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და იგი არის ერთი ჩვეულებრივი ლობისტი. მისი „სიყვარული” საქართველოს მიმართ თურმე 10 000 დოლარი ღირს“, – აცხადებს გორდულაძე.

ამერიკაში რიგითი კონგრესმენის თვიური ხელფასი 14 500 დოლარია. არჩილ გორდულაძის ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის, ჯო უილსონის „მოსყიდვა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე იაფი უჯდება, ვიდრე კონგრესმენის თვიური ხელფასია.

მანიპულაციურად გაავრცელა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.

„გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“, – დაწერა პაპუაშვილმა Facebook-ზე და პოსტს თან დაურთო სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის, „რუსთავი 2-ის“ ქარდი, რომელზეც წერია: „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა – შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა“.

მოგვიანებით პაპუაშვილმა პირველი არხზე სტუმრობისას ისევ განაგრძო მტკიცება, რომ თითქოს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ჯო უილსონი ამხილა.

„ფარას“ დოკუმენტი გვეუბნება, რომ ჯო უილსონი ჩვენს ღირებულებებზე როდესაც გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა. ასე რომ, ეს გავიგეთ, საბოლოო ჯამში. მთელი ირონია იმაშია, ამას ხომ ვამბობდით, რომ გავა დრო და „ფარა“ ყველაფერს გასცემს პასუხს? გავიდა დრო, „ფარამ“ ყველაფერს გასცა პასუხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნელსონ მალინსი“ არ არის ერთადერთი ლობისტური და იურიდიული კომპანია, რომელიც აშშ-ში საარჩევნო კამპანიებს აფინანსებს. ასეთი არაერთი სხვა კომპანიაა. მაგალითად, ლობისტური კომპანია „ჰოგან ლაველსი“, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2020-2021  წლებში ჰყავდა დაქირავებული ლობისტად ზუსტად ისე, როგორც ახლა ენმ-ს ჰყავს “ნელსონ მალინსი”. ამ ლობისტურმა კომპანიამ და მასთან აფილირებულმა პირებმა 11 800 დოლარი შესწირეს რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის კამპანიას. როჯერ ვიკერი აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარეა და აქტიურად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას. “ქართული ოცნების” ყოფილმა ამერიკელმა ლობისტმა ასევე შესწირა თანხა (2100 დოლარი) ჯერი კონოლის საარჩევნო კამპანიას. ეს კონგრესმენიც “ოცნების” აქტიური კრიტიკოსია.