საზოგადოება

სომხეთში დააკავეს 2013 წელს საქართველოში ამნისტიით გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანი

4 ივლისი, 2025 •
სომხეთში დააკავეს 2013 წელს საქართველოში ამნისტიით გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანი

სომხური მედიის ცნობით, დაკავებულია ინიციატივა „ნებას“ ხელმძღვანელი და აქტივისტი ვაჰაგნ ჩახალიანი. ამის შესახებ „არმენპრესთან“ საუბარში საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის პრესმდივანმა კიმა ავდალიანმა განაცხადა.

„მოძრაობის “წმინდა ბრძოლა“  ლიდერებისა და მონაწილეების მიერ ტერორიზმისა და ხელისუფლების მიტაცების მომზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურორის გადაწყვეტილებით, ვაჰაგნ ჩახალიანის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43-419-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-308-ე მუხლის პირველი ნაწილით. ის დაკავებულია და წარდგენილია სასამართლოსთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, – განაცხადა ავდალიანმა.

ჩახალიანი სომხეთში 2020 წელსაც დააკავეს და მალევე ხელწერილით გაათავისუფლეს. მაშინ მონაწილეობდა სომხეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში, სადაც პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის შენობის შტურმშიც, რა დროსაც სიტყვითაც გამოვიდა.

ჩახალიანი წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდანაა. იგი საქართველოში ყოფნისას ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია “ჯავახკს”. ის 2009 წელს დააკავეს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება- შეძენისთვის, ასევე, ხულიგნობისთვის და 10 წლით პატიმრობა შეუფარდეს. მან საპატიმრო 2013 წელს ამნისტიის შედეგად დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი