საზოგადოება

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა – “სრულიად განადგურებულია”

22 ივნისი, 2025 •
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა – “სრულიად განადგურებულია”

ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა.

დონალდ ტრამპმა FOX News-ს უთხრა, რომ ამერიკის ავიაციამ ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტებზე ჯამში ექვსი ცალი 14-ტონიანი, ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბი ჩამოაგდო. ამის პარალელურად, ნატანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებს 30 ცალი “ტომაჰავკის” ტიპის საკრუიზო რაკეტა ესროლეს. CNN-ის თანახმად, ფორდოს არა 6, არამედ 12 ბუნკერგამტარი ბომბი ესროლეს. ირანის ეს ბირთვული ობიექტი ღრმა მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობს, შესაბამისად სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით ისრაელს არ ჰქონდა დისტანციურად მისი განადგურების საშუალება. მსგავსი ტიპის და სიმძლავრის ბომბები მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს აქვს. მისი ტრანსპორტირებისა და სროლისთვის გამოიყენება აშშ-ის სტრატეგიული სამხედრო თვითმფრინავი Northrop B-2 Spirit.

Northrop B-2 Spirit

თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.

ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფორდოს ბირთვული ობიექტი უკვე დიდი ხანია ევაკუირებულია. მათი თქმით, ობიექტის სიახლოვის მცხოვრებ მოსახლეობას რადიაციის თვალსაზრისით, არაფერი ემუქრებათ.

Al Jazeera-ს თანახმად, საუდის არაბეთის ბირთვული და რადიოლოკაციური ცენტრის ინფორმაციით, რადიოაქტიური ეფექტები სპარსეთის ყურის ქვეყნებში არ დაფიქსირებულა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა კონფლიქტში აშშ-ის ჩართვას, “სახიფათო ესკალაცია” უწოდა, რაც ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას. მისი თქმით, კონფლიქტში სამხედრო გამოსავალი არ არსებობს და ის მხოლოდ დიპლომატიით უნდა მოგვარდეს. ტრამპი გააკრიტიკა ბერნი სანდერსმა, დემოკრატმა სენატორმა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კონგრესის მისაღებია და არა ერთპიროვნულად პრეზიდენტის.

ჯერჯერობით უცნობია რა პასუხი ექნება ირანს ამ დაბომბვაზე. თეირანს წარსულში არაერთგზის უთქვამს, რომ თუ ისრაელთან კონფლიქტში აშშ ჩაერეოდა, ის საპასუხო ზომებს მიიღებდა. რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ჯარისკაცებს ემუქრებოდნენ ირანის მოკავშირე ჰუსიტები, ჰამასი თუ ჰეზბოლაც.

“ირანმა ახლა მშვიდობა უნდა აირჩიოს. თუ ეს არ მოხდება, მომდევნო შეტევები ბევრად უფრო ძლიერი და მარტივად განსახორციელებელი იქნება.”- განაცხადა ტრამპმა თავის მიმართვაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი