საზოგადოება

ნიკა გვარამიასაც პატიმრობა შეეფარდა

13 ივნისი, 2025 •
ნიკა გვარამიასაც პატიმრობა შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

პროცესს თავად ნიკა გვარამია არ დასწრებია, სასამართლოში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში წავიდა.

ნიკა გვარამია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას ედავება. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანია.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურამ მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.

აღნიშნული ბრალდებით უკვე დააკავეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია. ამავე ბრალდებით ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი