ევრობარომეტრის კვლევის თანახმად, გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა.
ევრობარომეტრის მიერ 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 49% უფრო ენდობა ევროკავშირს, 37% მიდრეკილია უნდობლობისკენ, ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს.
თავად ევროკავშირის 27 ქვეყანაში ერთობლივად ევროკავშირისადმი ნდობის ტენდენცია 52%-ია, უნდობლობის კი — 41%.
ევროკავშირისადმი ნდობის სტატისტიკა კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი სტანდარტულ ევრობარომეტრს საქართველოშიც ატარებს:
- 2024 წლის გაზაფხული — 66%
- 2024 წლის შემოდგომა — 58%
- 2025 წლის გაზაფხული — 49%
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51% ეროვნული მთავრობის ნდობისკენ იხრება, 44% კი — უნდობლობისკენ.
9%-ით არის შემცირებული და 60%-ს შეადგენს იმ მოქალაქეების რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კარგია. 7% ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ცუდია, ხოლო 28%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.
- 2024 წლის გაზაფხული — 74%
- 2024 წლის შემოდგომა — 69%
- 2025 წლის გაზაფხული — 60%
ამასთან, მოსახლეობის 75% დარწმუნებულია, რომ საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებისგან. გასული წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა.
ევრობარომეტრმა გამოიკვლია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მოქალაქეების დამოკიდებულება ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში. შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში უფრო ემხრობიან უკრაინელი ლტოლვილების მიღებას, უკრაინის სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ვიდრე ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირის მოსახლეობაზე ნაკლებად ემხრობიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის შემცირებას და იმ აზრს, რომ “რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჩვენი ქვეყნისთვისაც საფრთხეა”.
საქართველოს მოქალაქეების აზრით, ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევებია: ფასების ზრდა/ინფლაცია/ცხოვრების ხარჯი, უმუშევრობა, განათლების სისტემა, ეკონომიკური სიტუაცია და ჯანდაცვა.
ევრობარომეტრის უახლესი კვლევის მიხედვით, ევროპელთა 52%-ს აქვს ტენდენცია, ენდოს ევროკავშირს — ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ. 18-წლიან პერიოდში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ევროკომისიისადმი ნდობის შემთხვევაშიც (52%).
ევროკავშირის მოქალაქეების 62% ოპტიმისტურადაა განწყობილი ევროკავშირის მომავლის მიმართ.
ევროკავშირის მოსახლეობის 78% შეშფოთებულია ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მაშინ როცა 81% უჭერს მხარს საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის — ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2004 წლის შემდეგ. ევროპელების აზრით, ევროკავშირმა საშუალოვადიან პერსპექტივაში ქმედებები უნდა განახორციელოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში (39%), რასაც მოსდევს ეკონომიკა (29%), მიგრაცია (24%) და კლიმატი და გარემო (24%).
74% ევროკავშირის მასშტაბით და 83% ევროზონაში მხარს უჭერს ერთიან ვალუტას — ევროს, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მხარდაჭერაა.
რაც შეეხება ევროპული ეკონომიკის მდგომარეობის აღქმას, 44% ევროპელებისა ფიქრობს, რომ მდგომარეობა კარგია, ხოლო 48% — რომ ცუდია.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში კვლავ ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ევროკავშირის დონეზე (27%), რასაც მოსდევს საერთაშორისო მდგომარეობა (24%) და უსაფრთხოება და თავდაცვა (20%). ამასთან, გამოკითხულთა 77% ეთანხმება, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის.
სტანდარტული ევრობარომეტრი ევროკომისიის საზოგადოებრივი აზრის მთავარი კვლევაა. ის წელიწადში ორჯერ ტარდება და ფოკუსირებულია ევროკავშირის პრიორიტეტებისა და თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგზე. სტანდარტული ევრობარომეტრის კვლევები, როგორც წესი, პირისპირ ინტერვიუს ფორმატში ტარდება ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და ზოგიერთ დამატებით ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საველე სამუშაოები საქართველოში ჩატარდა 25 მარტიდან 17 აპრილის პერიოდში და გამოიკითხა 1011 ადამიანი.








