დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი დაიკითხა.
ექსპერტმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისა და მზია ამაღლობელის სამედიცინო ექსპერტიზების შესახებ ისაუბრა.
როგორც გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ამავე ექსპერტიზის თანახმად, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.
„12 იანვარს ირაკლი დგებუაძე ჩემს წინაშე წარმოდგენილია პირადად, ექსპერტიზა დაიწყო 14:24 წუთზე. ჩატარდა აღნიშნული პიროვნების სხეულის გარეგნული დათვალიერება ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიზმით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
იმავე დღეს წარდგა მოქალაქე მზია ამაღლობელი, 15:24 წუთზე, რომელსაც ასევე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ვიზუალურად დათვალიერდა მზია ამაღლობელი სხეული, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
მას შემდეგ, რაც სამედიცინო ექსპერტმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, პროკურორმა მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ექსპერტიზაზე მიყვანისას ვიზუალურად შესამჩნევი სიწითლე სახეზე.
პროკურორის პასუხად სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა, რომ სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის და არც ის ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა ექსპერტიზის ჩატარებისას ირაკლი დგებუაძეს სახეზე სიწითლე. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არაა.
„სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანია უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ დროს [ექსპერტიზის ჩატარებისას] აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე, არ მახსოვს. რომც ყოფილიყო, არა მგონია, რომ მიმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
ამასთან, ექსპერტის თქმით, ირაკლი დგებუაძე ექსპერტიზის ჩატარების დროს მარჯვენა ყურის არეში სუსტ ტკივილს უჩიოდა, თუმცა არ მიუთითებია რის გამო ჰქონდა მას ტკივილი.
„როდესაც უშუალოდ ვამოწმებდი ექსპერტიზის დროს შესამოწმებელი პირი [ირაკლი დგებუაძეს] უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. კონკრეტულ ფაქტს უკავშირებდა თუ არა, ეს ჩემთვის არ უთქვამს“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
ამის შემდეგ პროკურორმა ექსპერტს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი განეცადა. პროკურატურის ამ კითხვაზე განრიდება მოითხოვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ვინაიდან დაცვის მხარის თქმით, ამ საკითხზე ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარებია და ეს კითხვა არც გამოძიებას დაუსვამს.
„რადგან ტკივილის მცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური მცნება, სუბიექტური ჩივილი, შესაბამისად, როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია მე არ გამაჩნია. შესაბამისად, ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ აღნიშნული პიროვნება [ირაკლი დგებუაძე] რამდენად ზუსტად გადმოსცემდა ტკივილთან დაკავშირებით“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
ამასთან, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა მისთვის სილის გაწვნიდან მეორე დღეს ჩაუტარდა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ექსპერტს ჰკითხა, სილის გარტყმიდან 12 საათის შემდეგ შეიძლებოდა თუ არა, რომ ირაკლი დგებუაძეს სახე სიწითლე ჰქონოდა და ექსპერტიზას ეს არ აღენიშნა.
„ალბათ, სიწითლე მეც მაქვს ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის არ გაურტყამს ხომ? ანუ სიწითლეს მე ვერ შევაფასებ“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
