დღეს, დილაადრიან სადგურის მოედანზე, ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა“ დაიწვა. ნახევარ საათში, დილის 7-ის ნახევრიდან 7 საათამდე შუალედში, ცეცხლი მოედო დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას, ცეცხლმა და კვამლმა დაფარა სავაჭრო დახლები, მაღაზიები, საწყობები.
ზარალი მილიონობით ლარია. მომხდარზე კომენტარი „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელთაგან ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.
ჰაერში სველი ნახანძრალის სუნი ტრიალებს. სადგურის მოედნის ტერიტორიასთან მიახლოებისთანავე ყველა მხოლოდ ამის შესახებ ლაპარაკობს — მომხმარებელიც, მოვაჭრეც, გამვლელიც. „ყველაფერი დაეწვათ, ყველას ბანკის ვალი აქვს“, — ყველა იაზრებს და იზიარებს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა ნაწილმა ბოლო რამდენიმე წელიწადში უკვე მესამე ხანძარი გამოიარა.
შუადღისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები ჯერ კიდევ მუშაობენ და უკანასკნელ მხრჩოლავ კერებს ებრძვიან. ნახანძრალი ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. გარშემო დაზარალებულები, მათ გულშემატკივრები, სხვა მოვაჭრეები ირევიან.
მერიიდან მოვიდნენ, იქნება რამე გვითხრან სანუგეშოო, — ხმა დაირხა დაზარალებულ მოვაჭრეებში. მათთან ერთად, ერთ-ერთი მოსაზღვრე შენობის გამჭოლი დერეფნების გავლით, ნახანძრალ ბაზრობას საწყობების მხრიდან ვადგებით. ყველაზე მეტი დაზარალებული აქ დგას და ყველა ელის, რომ მერიიდან ვინმე მოვა და სწორედ აქ შეხვდება დაზარალებულებს. გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. მერიიდან არავინ დაგვხვედრია.
„მე ფეხზე ვეღარ წამოვდგები, გამორიცხულია. აღარ შემიძლია. მერამდენე ხანძარს გავუძლებ. აღარ მინდა აღარც ბაზრობა და აღარც არაფერი. ავდგები და წავალ მეც ამ ქვეყნიდან“, — ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე, უმისამართოდ, თითქოს, ხმამაღლა ფიქრობს.
მოვაჭრეები ნეტგაზეთს გვთხოვენ, რომ მერიაში დავრეკოთ — რიგით ადამიანებს არ გვიპასუხებენო, გვეუბნება ერთ-ერთი დაზარალებული. მართალია, დამოუკიდებელ მედიას სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობა და მათგან ინფორმაციის მიღება უკიდურესად გვაქვს გართულებული, თუმცა იმის გაგებას კი ვახერხებთ, რომ მერიიდან ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეებთან დღეს მისვლას არავინ აპირებს — არ სცალიათ, წუთი-წუთზე მერიაში მთავრობის სხდომა იწყება.
„ჰოდა, არაა მეტი გზა, მივალთ და დავდგებით მერიასთან“, — ამბობენ მოვაჭრეები.
ხათუნა ერთ-ერთი დაზარალებულია. არაფრის იმედი არ აქვს. ისიც ერთ-ერთი მათგანია, წლების წინ ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარსაც რომ შეეწირა მისი ქონება. დაზარალებულები მაშინ თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციებს: „ქართული ოცნების“ ოფისთან, პროკურატურასთან, კანცელარიასთან, საკრებულოსთან, პარლამენტთან, საელჩოებთან, ივანიშვილის რეზიდენციასთან.
„ფილები მაქვს დათვლილი მაშინდელ აქციებზე, ყველგან ვიყავით, რა არ ვცადეთ, რამდენი ვიბრძოლეთ, რამდენმა ჟურნალისტმა ჩაგვწერა. რას მივაღწიეთ? იქით ხან ნაცებს გვეძახდნენ, ხან რადიკალებს. აქეთ ოპოზიცია ქულების დაწერას ცდილობდა ჩვენით. ახლაც ასე იქნება, ვერავის ვენდობით, ვერავის, ღმერთის გარდა, რომელიც ჩვენვე განვარისხეთ“, — გვეუბნება ხათუნა.
ჟურნალისტებთან საუბარი სხვებსაც უჭირთ, ურჩევნიათ, რომ კამერების გარეშე მოგიყვნენ და გაგიზიარონ ემოციები და შენ მოგანდონ მათი ამბის მოყოლა.
„დამირეკა დილაადრიან მეგობარმა და გამოვიქეცი. შვიდ საათზე უკვე აქ ვიყავი. ცეცხლი იყო იმხელა… ბაზრის ბოლოდან დაწყებული, მე თავში მაქვს ადგილი აღებული, მთლიანად მოდებული იყო ყველაფერს. დაზარალებულები კი არა, დაღუპულები ვართ. ველოდებით მერიას, თუ მოვლენ და იტყვიან რამეს. ეს ხანძარი თუ სპეციალურად არ არის მოწყობილი, დაგველაპარაკონ აღდგენაზე“, — გვეუბნება ერთ-ერთი დაზარალებული, რომელსაც მაღაზია და სამი სასაწყობე ფართი მთლიანად გაუნადგურდა.
იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველა დაზარალებულს ბანკების წინაშე აქვთ აღებული ვალდებულებები, ვეკითხებით, თუ აქვთ შეღავათების მოთხოვნა და მოლოდინი.
„რა შეღავათი, შვილო… ვინ გაგიწევს რამე შეღავათს. ბავშვთა სამყარო რომ დაიწვა, მაშინაც გაგვიწიეს ვითომ შეღავათი და დაგვაყვედრეს აქეთ, მაგრამ უფრო ძვირად დაგვიჯდა მერე მაგათი ვითომ შეღავათები. კი, გადაავადეს სესხები, ნამდვილად, მაგრამ „ძირზე“ დაგვიმატეს იმ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდის პროცენტი, რაც უნდა გადაგვეხადა. გაგვიზარდეს სესხი, შეღავათი კი არ გაგვიწიეს საბოლოოდ“, — გვეუბნება კიდევ ერთი დაზარალებული.
დაზარალებულები ჯგუფ-ჯგუფებად დგანან და ვისაც არ უნდა მიუახლოვდეთ, ყველას ეჭვი აქვს, რომ ხანძარი შემთხვევით არ არის გაჩენილი.
„საწყობებამდე ცეცხლი ასე უცებ არ უნდა მოსულიყო. საწყობების წინ საკვები პროდუქტის რიგებია. სწრაფად აალებადი მანდ არაფერია, ტანსაცმელი ხომ არაა, წამებში გადმოჰყოლოდა ალი. რა თქმა უნდა, ამაზე დიდი ტერიტორიაც შეიძლება დაიწვას თავისით, მაგრამ ასე უცებ? 30-40 წუთში 15 000 კვ/მ?“ — გვიზიარებენ თავის ეჭვებს დაზარალებული მოვაჭრეები.
დაზარალებულები, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც უკვე გითხარით, წლების წინ ბავშვთა სამყაროს ხანძრითაც დაზარალდა, მაშინდელ მოვლენებს იხსენებენ და პარალელებს ავლებენ.
„რა ერქვა მაშინდელ მერს? ნარმანია არ იყო? მაშინვე აქ გაჩნდა. ეს ახლანდელი სად არის, აბა? არავის არაფერს ვთხოვ, ჩემი ნაშრომი შემარჩინე და საშუალება მომეცი, ვიცხოვრო. დამაყენე ამ ჩემს ქვეყანაში, ვისაც წასვლა არ გვინდა. მე ვინახავ სახელმწიფოს, თვითონ ხომ არ მინახავს? სახელმწიფოს ფულს ვუხდი, ბანკს ფულს ვუხდი, მეიჯარეს წელიწადში 13 თვის გადასახადს ვუხდი. რასაც ზედმეტად არ მახდევინებენ, რამეს ხომ არ მაკლებენ? დამაცადე, დამაყენე, რა! მაგრამ აღარ დამედგომება. დაახლოებით 300-ზე მეტი კაცი ხომ დაზარალდა. ჩათვალეთ, აქედან უმეტესობა ამ ხანძრის მერე უკვე წასასვლელად იწყებს მზადებას. ჩვენი ადგილი აღარაა ამ ქვეყანაში. მოღალატეების მეტი რა ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ამდენი ერთად, მგონი, არასდროს ჰყოლია. პოზიციაც მოღალატეა, ოპოზიციაც და ხალხიც! ესაა ჩვენი უბედურება!“ — გვიახლოვდება ისევ ხათუნა.
ხვალიდან, პირველი მაისიდან, მოვაჭრეების ნაწილი ემზადება, რომ საპროტესტო აქციების რეჟიმში გადავიდეს. ამის შესახებ შპს „ბაქანის“, ბაზრობის მმართველი კომპანიის დირექციის წარმომადგენელი, მზევინარ ბუჩუაძე გვესაუბრება.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქვემოთ, თოდუას კლინიკასთან აფეთქდა რაღაც. ვენერაა ჩვენი ერთ-ერთი მოიჯარე, ყველაზე ადრე ეგ იღებს პროდუქტს. ურიკით მოუტანეს საქონელი. როგორც კი შევიდა, კვამლი დაინახა მეორადების სექციაში. შვიდის 20 წუთი იყო მაგ დროს. კივილი რომ დაიწყო და დაცვას დაუძახა, რომ მოვტრიალდი, უკვე ფეხებში მქონდა ცეცხლიო. ნახევარი საათი არ დასჭირდა, მთელ ბაზრობას რომ ცეცხლი ეკიდა.
ზარალი არის აღუწერელი. მარტო წიგნების საწყობი 250 000 დოლარის ზარალია. ამის აღწერა ახლახან ჩემი თანდასწრებით არის გაკეთებული და ამიტომ ვამბობ. ყოველ ხუთშაბათსა და კვირას ახალი საქონელი შემოსდიოდა თითო მოიჯარეს. ესენი კიდევ ბანკებთან არიან ვალში. რა ვქნა, რით დავეხმარო ამდენ ხალხს? კითხვას ვსვამ, ვეკითხები მერიას, რომელსაც მე თვითონ დავურეკე დილას და ვთხოვე, რომ მოსულიყვნენ. ვიღაცა დაგვიდგეს გვერდში, ელემენტარულად ნუგეში გამოხატოს. დავიძვრები ხვალიდან, ავიყვან ყველას და დავდგებით მერიის წინ. რაღაცით უნდა დაგვეხმარონ. რაღაცით უნდა დაუდგნენ გვერდით ამ საცოდავ ხალხს“, — გვეუბნება მზევინარი.
მზევინარ ბუჩუაძის თქმით, დაზარალებულ ფიზიკურ პირებს დაზღვევა არ ჰქონიათ. „დაზღვეულია ბაზრობა, მაგრამ ეს ტერიტორია ეკუთვნის რკინიგზას, ჩვენ ქვემოიჯარეები ვართ“, — ამბობს ბუჩუაძე.
შპს „ბაქანი“ არის 2021 წლიდან აწ უკვე დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის მოწყობაზე და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი კომპანია, ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც კომპანიას სააქციო საზოგადოება „თბილისი ცენტრალთან“ აქვს დადებული. თავის მხრივ „თბილისი ცენტრალს“ 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული ეს ტერიტორია საქართველოს რკინიგზისგან.
„ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას“, — ნათქვამია „თბილისი ცენტრალის“ განცხადებაში.