საზოგადოება

ზახაროვა სააკაშვილის „ავანტიურისტად“ აღიარებას და ბოდიშზე „ოცნების“ განცხადებებს მიესალმება

17 აპრილი, 2025 •
ზახაროვა სააკაშვილის „ავანტიურისტად“ აღიარებას და ბოდიშზე „ოცნების“ განცხადებებს მიესალმება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა „ჯანსაღს“ და „პერსპექტიულს“ უწოდებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის საჭიროებასთან დაკავშირებით.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის გამო სააკაშვილი ახლა უკვე საკუთარ ქვეყანაში იქნა ავანტიურისტად მიჩნეული.

„დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ჩვენი მხრიდან არ გაუქმებულა, ისინი გაწყვიტა სააკაშვილის რეჟიმმა მას შემდეგ, რაც სცადა აგრესიის განხორციელება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი მშვიდობისმყოფელებისა და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი ზუსტად ამის გამო ექვემდებარება მკაცრ კრიტიკას, ხოლო თვითონ იმყოფება სამართალწარმოების ქვეშ, შესაბამისი გადაწყვეტილებებით. ეს არის მისი მემკვიდრეობა, რომელიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე რჩება“, — განაცხადა მარია ზახაროვამ დღეს, 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან კი, ზახაროვას შეფასებით, „პოზიტიური სიგნალები“ მოდის.

„გასული წლის შემოდგომაზე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაისმა ჯანსაღი და ძალიან პერსპექტიული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისადმი მობოდიშების აუცილებლობის შესახებ . იყო განცხადებები შერიგების მიღწევის მცდელობის შესახებ. როგორც ვხვდები, ასეთივე განწყობები აქვს ოფიციალური თბილისს აფხაზეთის მიმართაც. ეს უპირობოდ პოზიტიური სიგნალებია და ვიმედოვნებთ, რომ ის აისახება საქართველოს კონკრეტულ ნაბიჯებში აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის  კუთხით“, — განაცხადა ზახაროვამ.

მან თქვა, რომ რუსეთს და საქართველოს აქვთ „განსაკუთრებული ემოციებით“ დატვირთული საერთო ისტორია, კულტურა, რელიგია და ჰუმანიტარული კავშირები. აღნიშნა, რომ საქართველოსთვის რუსეთი რჩება ღვინის და ხილის საკვანძო საექსპორტო ბაზრად, მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგომატარებლების და ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია.

„ჩვენ საქმე გვაქვს საშინელ მემკვიდრეობასთან ადამიანისა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში იქნა აღიარებული ავანტიურისტად, თანაც, არა მხოლოდ მორალურ-ეთიკური განსჯის, არამედ კანონის ფარგლებში და უდიდესი მტკიცებულებითი ბაზით. ასეთივე შეფასებას ვაძლევდით ჩვენ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც 2008 წლის მოვლენებს იძიებდნენ“, — თქვა ზახაროვამ.

მოსკოვი მზადაა, აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც თბილისმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

„მზად ვართ წავიდეთ იქამდე, სადამდეც ქართული მხარე არის მზად. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებ,ა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებს.

„როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, — განაცხადა „ქართლი ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს, გორში წინასაარჩევნო კამპანიისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი