საზოგადოება

ლილუაშვილმა სუს-ი დატოვა

2 აპრილი, 2025 •
ლილუაშვილმა სუს-ი დატოვა

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა. მას სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობაში აქამდე იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.

თავის მხრივ ოხანაშვილს “ოცნების” იუსტიციის სამინისტროში “ოცნების” დეპუტატი და რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, პაატა სალია შეცვლის,

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაიყოფა და ლილუაშვილს რეგიონულ განვითარებას ჩააბარებენ, ხოლო ინფრასტრუქტურას – ირაკლი ქარსელაძეს.

ეს ინფორმაცია მედიას “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააცნო ბრიფინგზე. მისი თქმით, რეგიონების ბიუჯეტი ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა და, შესაბამისად, იზრდება რეგიონული განვითარების სამინისტროს როლი.

გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკაში, ისევე როგორც “ოცნების” სხვა არაერთი წევრი, “ქართუ ბანკიდან” მოვიდა.

2015–2016 წლებში „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2016 წელს გახდა თბილისის მერის მოადგილე. 2016–2017 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2017 წლიდან, სუს-ის უფროსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი