საზოგადოება

მაროკოს მოდელირებული დემოკრატია

4 ნოემბერი, 2010 • 1962
მაროკოს მოდელირებული დემოკრატია

რაბატი, მაროკოელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მეფის პორტრეტის ფონზე
რაბატი, მაროკოელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მეფის პორტრეტის ფონზე

მკითხველს იმაზე უნდა ვუამბო, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აფრიკაში, უფრო კონკრეტულად კი მაროკოში, ვნახე. ამ ქვეყნის შესახებ, სადაც ყველგან – საჯარო სამსახურებში (ისე, როგორც ჩვენთან), არასამთავრობო ორგანიზაციაში, სასტუმროში, რესტორანსა თუ მაღაზიაში, ქვეყნის ხელმწიფის პორტრეტია გამოფენილი, ამბობენ, რომ დემოკრატიულია- ასე ფიქრობენ როგორც ის მაროკოელები, ვისაც ბოლო ექვსი დღეა ვუსმენდი, ასევე მაროკოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. აქ მეფე ყველას უყვარს.

მაროკოში წასვლის წინ ვფიქრობდი, რომ ძალიან განსხვავებულ ცივილიზაციას გავეცნობოდი. სწორედ ამიტომაც მოვინდომე იმ კავკასიელი ჟურნალისტების ჯგუფში მოხვედრა, რომლებიც, ევროკავშირის მხარდაჭერით, მაროკოში მიემგზავრებოდნენ. ბათუმიდან კასაბლანკამდე, მაროკოს ყველაზე დიდ ქალაში ჩასვლამდე, 20 საათი გზაში დავყავი. კიდევ საათნახევარი მიკროავტობუსს დასჭირდა რაბატამდე, მაროკოს დედაქალაქამდე.

პირველი ვიზიტი ევროკომისიის წარმომადგენლობაში გვქონდა. აქ გვითხეს, რომ ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მაროკოს ყველაზე პრივილეგირებული სტატუსი აქვს. და ეს იმის გამო კი არა, რომ ევროპას მაროკოს ბაზარი აინტერესებს ან მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა… უბრალოდ, ეხმარებიან იმისთვის, რომ ქვეყანა პროგრესულია და დემოკრატია ვითარდება. ყოველ შემთხვევაში, წარმომადგენლობაში ასე გვითხრეს.

ჩემი პირველადი შთაბეჭდილება მაროკოში ევროკომისიის წარმომადგენლების შეფასებას თითქოს დაემთხვა: რაბატას ქუჩებში ჩადრიანი თუ თავსაფრიანი ქალები მართავენ მანქანებს. სხვაგან ვხედავ ჯინსებში ჩაცმულ გოგონებს, ყოველგვარი თავსაფრის გარეშე. მომეჩვენა, რომ ძალიან მოდურია მოტოციკლეტით ქროლა, უკან შემოსმული გოგონებით…

აი ასე, მუსლიმანურმა ქვეყანამ ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებს კარები ფართოდ გაუღო. ვაღიარებ, ეს შთაბეჭდილება ქალების ჩაცმულობამ გამიჩინა.

მეორე ვიზიტი, თუ ზუსტად მახსოვს, ოჯახის სამინისტროში გვქონდა (ეს არ არის სრული სახელწოდება, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს). ნაუზა სკალლი _ მინისტრმა ქალმა გვიამბო, თუ როგორ შეიცვალა მისი ქვეყანა ბოლო 10 წლის განმავლობაში: აიკრძალა 18-წლამდე გოგონების გათხოვება, ქალებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიმართონ განქორწინების თხოვნით. მამაკაცს არ შეუძლია მეორე ცოლი პირველი ცოლის თანხმობის გარეშე შეირთოს (თუ ქალი წინააღმდეგია, ქმარს შეუძლია განქორწინება მოითხოვოს სასამართლოში). გვითხრეს ისიც, რომ მაროკოში მრავალცოლიანობა იშვიათი შემთხვევაა. კიდევ ის, რომ პარლამენტში ადრე ორი ქალი იყო, ახლა 25 ქალი ჰყავთ, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში კი 3428 ქალია არჩეული. კიდევ რა? _ 7 ქალი მინისტრი ჰყავს მაროკოს. მოკლედ, ქალი და მამაკაცი თანასწორია.

მინისტრმა, რომელმაც გვითხრა, რომ 40 წელი იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, იმდენად იდეალური სურათი დახატა, ევროპასაც შეშურდებოდა. მინისტრის უკან, კედელზე მეფე მუჰამედ VI იცქირებოდა და ქალბატონმა მინისტრმაც რამდენჯერმე საგანგებოდ აღნიშნა, რომ მაროკოში ყველა სიკეთე პროგრესული მეფის წყალობაა. მეფის პროგრესულობაზე ევროკომისიის წარმომადგენლობაშიც ხაზგასმით გვითხრეს.

ამ შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყო ადგილობრივი ჟურნალისტი. შეხვედრის დასრულებისთანავე ჰიჩამ ჰოუდაიფამ გვითხრა, რომ მინისტრი ბევრ რამეს იტყუება – რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, რომ მას დაუხურეს გაზეთი, რომ ყველა რედაქციაში მუშაობს ოფიციალური ცენზორი და ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაზეთის გამოშვებას კანონი კრძალავს… ამის შესახებ მინისტრს კითხვები ვერ დავუსვით, ის უკვე დარბაზიდან გასული იყო.

შემდეგი ვიზიტი მაროკოს ომბუდსმენთან (ეს სახელწოდებაც არ არის სრული) გვქონდა. ომბუდსმენის ოფისში იმაზე ისაუბრეს, თუ რა სიკეთე მოუტანა კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ქვეყანას. ომბუდსმენმა ყველაზე დიდი დრო ერთ საკითხს დაუთმო: მუჰამედ VI-ის გამეფებისთანავე სახელმწიფომ აღიარა, რომ 1970-იან წლებში 730 ადამიანის _ პოლიტიკური მოწინააღმდეგის, რევოლუციონერების გაქრობა მისი «დამსახურება» იყო.

ომბუდსმენმა ისიც თქვა, რომ არაფერი სმენია იმ ჟურნალისტის დაკავებაზე, რომელსაც 6 წელი მხოლოდ იმისთვის მიუსაჯეს, რომ დაწერა _ «მეფე ავად არის». ომბუდსმენმა ახლანდელ მაროკოში პოლიტპატიმრების არსებობაც კატეგორიულად გამორიცხა. მისი აზრით, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს არ აპატიმრებენ და ვისზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ისინი უფრო ტერორისტები არიან.

ომბუდსმენის საკონფერენციო დარბაზში მეფის პორტრეტი ვერ დავინახე. ეს ამბავი გამიკვირდა კიდეც და არც გამკვირვებია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როცა ჩანაწერების ბლოკნოტიდან თავი ავიღე, მეფის პორტრეტი ომბუდსმენის ზურგს უკან იდგა. იქვე იყო მისი მამაც, ცოტა უფრო მომცრო ზომის ჩარჩოში (წამოსვლის წინადღით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაარკვია, რომ მეფის პორტრეტი ყველგან უნდა იყოს. ამას კანონი ითხოვს).

მაროკოში ყოფნის დროს ყველაზე მძიმე შეხვედრა ნაჯია ადიბთან გვქონდა. ეს ქალბატონი ბავშვთა უფლებებზე მუშაობს. სწორედ მისგან გავიგეთ, რომ რაბატასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიურად ათასამდე ბავშვს აუპატიურებენ. ნაჯია ადიბიმ საშინელი კადრები გვაჩვენა და სასტიკი ისტორიები მოგვიყვა. მისი გმირები წელიწადნახევრის ბავშვებიც კი იყვნენ. ერთ-ერთი მოძალადე კი მოსამართლე იყო, რომელიც არ დასაჯეს.

ნაჯია ადიბიმ გაიხსენა ის შემთხვევაც, როცა ბავშვთა სახლის დირექტორი რამდენიმე ბავშვის გაუპატიურებაში ამხილეს. მას სასამართლომ 20-დღიანი სასჯელი მიუსაჯა. ჟურნალისტის ემოციურ კითხვაზე _ მეფე რას აკეთებს, პასუხი ასეთი იყო: მეფე რა შუაშია, ეს საზოგადოების პრობლემაა.

ნაჯია ადიბის ერთ-ერთი ჩვენი მასპინძელი გმირს უწოდებს. ნურდინ ხამალიმ, რომელიც პოლიტპატიმარი იყო, მითხრა, ადიბიმ ბავშვთა უფლებებზე მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, როცა პედოფილია მის შვილს შეეხო: «მანამდე ამ საკითხზე ღიად არავინ საუბრობდა, ახლა ამ თემაზე პრესაშიც კი შეიძლება წერა. ნაჯიას არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურებაა, რომ ბოლო დროს მოსამართლეები პედოფილიაში მხილებულებს უფრო მკაცრად სჯიან».

ჩვენი ჩამოსვლის მეორე თუ მესამე დღეს მაროკოს საქართველოს პრეზიდენტიც ესტუმრა. არ დავინტერესებულვარ, რა ტიპის ფორუმში იღებდა მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას. იმის დაზუსტება ნამდვილად ვცადე, შეხვდა თუ არა მას მაროკოს მეფე, მაგრამ ვერაფერი გავიგე… ისე, მაროკოში ისიც გვითხრეს, რომ მუჰამედ VI ხალხის წინაშე წელიწადში ორჯერ ან სამჯერ გამოდის, ცხადია ტელევიზიით… სამეფო ოჯახის შესახებ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია დახურულია.

და კიდევ, რაბატაში არის ნამდვილი ბაზარი, სადაც სრულ სიბინძურეში უამრავი თვალისმომჭრელი ნივთი იყიდება და ყველა ჯიხურის შესასვლელთან ფრანგულად გეპატიჟებიან. ასე მგონია, მაროკოში ყველა ლაპარაკობს ფრანგულად.

კიდევ რა დამამახსოვრდა რაბატაში? ადამიანები, რომლებიც აშკარად სიღარიბეში ცხოვრობენ, მაგრამ გიღიმიან და მზად არიან, დაგეხმარონ; ის, რომ არის ძალიან ლამაზი, ძველი უბანი, ყველაზე ვიწრო ქუჩებით, რაც კი ოდესმე მინახავს.

აქ თითქმის ყველა სახლს ლურჯი რკინის კარები აქვს. ლურჯი ფერი მაროკოში ბედნიერებასთან ასოცირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი