„2024: ბრძოლა პოლიტიკურ ზეწოლასთან, დეზინფორმაციასთან და მედიის დამოუკიდებლობის ჩამოშლასთან“ – ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც ევროპის მასშტაბით პრესის თავისუფლებას მიმოიხილავს 2024 წლის მდგომარეობის შეფასებით და რომლის ნაწილი საქართველოს ეხება.
ანგარიში ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის მიერ არის მომზადებული, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. თავს, რომელიც საქართველოს ეძღვნება, ჰქვია „პრესის თავისუფლების მკვეთრი ვარდნა საქართველოში“.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში ყოველწლიურია, ამჯერადაც ის მხოლოდ 2024 წელს ეხება და მასში არ არის შესული მოვლენები, რაც 2025 წლის იანვრიდან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. შესაბამისად, აქ არ არის საუბარი არც მედიის წინააღმდეგ ინიციირებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც მაუწყებლების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა, არც მზია ამაღლობელის დაკავებასა და პატიმრობაზე.
სანამ ანგარიშის ავტორები კონკრეტულად საქართველოზე ვრცლად ისაუბრებენ, საქართველო არაერთხელაა ნახსენები ანგარიშში მანამდეც. მაგალითად, პირველივე გვერდებიდან ვიგებთ, რომ საქართველოში 2024 წელს, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად და სწრაფად გაუარესდა მდგომარეობა, რაც დიდწილად გამოიხატა პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას ჟურნალისტებზე თავდასხმაში.
„ქვეყნები, რომლებიც წელს გამოირჩეოდა პლატფორმაზე დაფიქსირებული საგანგაშო შემთხვევების სიმრავლით, იყო უკრაინა (40), სადაც შემთხვევათა უმეტესობა მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან დაკავშირებული იყო რუსულ შეიარაღებულ ძალებთან: რუსეთი (32), თურქეთი (28), სერბეთი (20) და საქართველო (18)“ ,— ვკითხულობთ ანგარიშში.
ჰიბრიდული ომის კონტექსტში, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსული ქსელები და სამთავრობო მედიები ოქტომბრის არჩევნების პერიოდში ავრცელებდნენ დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს, რომ მოეხდინათ პროევროპული ჯგუფების დისკრედიტაცია.
მედიაზე მიმართული ზეწოლის მაგალითად მოყვანილია საქართველო, როგორც განსაკუთრებით პრობლემური ქვეყანა, სადაც პოლიცია მხეცურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს, სადაც ათობით ჟურნალისტი დაშავდა და დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
„2024 წელს პლატფორმაზე, ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოდან ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა საგანგაშო შემთხვევების რაოდენობაში პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მკვეთრ გაუარესებას. ეს უკუსვლა აშორებს ქვეყანას დემოკრატიული პრინციპებისგან და ხელს უშლის მის ინტეგრაციას ევროკავშირში.
ფაქტების მოძიების მისიამ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, დაასკვნა, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში მწვავე დარტყმის ქვეშაა მზარდი ავტორიტარიზმის გამო. მისიამ გამოავლინა ტაქტიკების მთელი წყება, რომელიც დამოუკიდებელი ხმების, განსაკუთრებით ჟურნალისტების დისკრედიტაციაზე და ჩახშობაზე იყო მიმართული“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე ოპოზიციური ტელევიზია დააჯარიმა, მათ შორის ტელეკომპანია „მთავარი“, რისი საფუძველიც გახდა პოლიტიკური რეკლამის, მაგალითად, ნაომარი უკრაინის ამსახველი პროპაგანდისტული რეკლამების გაშვებაზე უარი.
„არჩევნების დღეს, სულ მცირე, 70 ჟურნალისტი გახდა ვერბალური და ფიზიკური თავდასხმის, დაშინების, საქმიანობაში ხელშეშლის ობიექტი“, — წერს პლატფორმა ანგარიშში.
ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძის მხრიდან განცხადებას ევროკავშირისკენ სვლის შეჩერების შესახებ მასობრივი პროტესტი მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა დროსაც გაძლიერდა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. ისევე, როგორც დემონსტრანტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ პოლიცია იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს. 90-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა ამ დროს სამართალდამცველების სამიზნე ფიზიკურად თუ ვერბალურად. გარდა ამისა, მათ წაართვეს ან გაუნადგურეს აღჭურვილობა.
„ჟურნალისტები, რომლებიც ყველაზე მეტად აღმოჩნდნენ პოლიციის სამიზნე, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებში მუშაობენ“, — წერია ანგარიშში.
ანგარიში ეხება ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მედიის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. მათ შორის, რუსულ კანონს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას ზღუდავს; ასევე, ჰომოფობიურ კანონს, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით შემოიტანეს და აწესებს ცენზურას მედიაზე, რეკლამაზე, ხელოვნების ნამუშევრებზე, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე.
„საქართველო, რომელიც ერთ დროს მიიჩნეოდა უსაფრთხო სივრცედ დევნილი ჟურნალისტებისთვის, მზარდად საშიში ადგილი გახდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2024 წლის ნოემბერში დააკავეს და აზერბაიჯანში ექსტრადიცია დაუპირეს. ჟურნალისტებს ახლა უფრო ხშირად უკრძალავენ ქვეყანაში შესვლას. ასეთები იყვნენ ბოლო დროს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბესელი, ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა, სომეხი ჟურნალისტი არსენ ხარატიანი და ფოტოჟურნალისტი სტეფან გოსი“, — ნათქვამია ანგარიშში.
პრესის თავისუფლების შესახებ მდგომარეობის მიმოხილვა სრულდება იმით, რომ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან დაშინების სამართლებრივი და ფიზიკური ტაქტიკების გამოყენებამ, რომელიც დაწყვილებულია საკანონმდებლო ცვლილებებთან, სარკესავით რომ ირეკლავს და იმეორებს ავტორიტარული ქვეყნების მაგალითებს, მტრული გარემო შექმნა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის.
„საჭიროა სასწრაფო მოქმედება, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდეს, დაცული იყოს მედიის თავისუფლება, საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებებისადმი“, — წერს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა.
