ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრები წელიწადზე მეტია არ გამართულა.
ევროკომისიის განმარტებით, ამის მიზეზია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების დონის შემცირებას ითვალისწინებს.
„საქართველოს დემოკრატიული უკუქცევის გამო, 2024 წლის ივნისიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეხვედრები არ ჩატარებულა. საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, შეცვალოს თავისი ქმედებების კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ევროკომისიაში.
ასოცირების შეთანხმების შესრულებას ზედამხედველობასა და მონიტორინგს უწევს ასოცირების საბჭო. ის შედგება, ერთი მხრივ, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წევრებისგან, მეორე მხრივ კი, საქართველოს მთავრობის წევრებისგან. ასოცირების საბჭოს თავისი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება ასოცირების კომიტეტი (მინისტრების მოადგილეების დონეზე), კომიტეტს კი — თემატური ქვეკომიტეტები.
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია როგორც საბჭოს, ისე კომიტეტის შეკრება რეგულარულად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ და მაშინ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს.
გარდა სამთავრობო ფორმატებისა, არსებობს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (PAC) ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების შეხვედრისა და აზრთა გაცვლისთვის. პროცედურით, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ უნდა შეიკრიბოს, მონაცვლეობით — ევროპის პარლამენტის ერთ-ერთ სამუშაო ადგილას და საქართველოში. PAC-ის ბოლო, მე-12 სხდომა, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის თანათავმჯდომარეობით, 2023 წლის 8 ივნისს ჩატარდა.
ასევე, ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს ბოლო, მერვე შეხვედრა 2024 წლის 20 თებერვალს. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავმჯდომარეობდნენ.
მაშინ საქართველოს ახლად მიღებული ჰქონდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა არ გადაუდგამს ნაბიჯები 9 დათქმის შესასრულებლად, 2024 წლის აპრილში კი „ქართულმა ოცნებამ“ შემოაბრუნა „რუსული კანონი“. 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებათა კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებამდე მიჰყავს. იმავე წლის ნოემბერში ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, შექმნილ ვითარებაში რამდენად გრძელდება ევროკავშირთან თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და დაგეგმილია თუ არა ამჟამად ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეხვედრები ასოცირების საბჭოს (მინისტრების დონეზე), ასოცირების კომიტეტისა (მინისტრების მოადგილეების დონეზე) და საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ფორმატებში.
„ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების დონის შემცირებას, გარდა არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე ორიენტირებული შეხვედრებისა, 2024 წლის ივნისიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები არ ჩატარებულა“, — ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრეს-ოფიცრის პასუხში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით (DCFTA), 2014 წელს გაფორმდა და 2016 წელს შევიდა ძალაში. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას ყველა სფეროში — საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების ჩათვლით.
იმის დასტურად, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უარის (2028 წლამდე) თქმის მიუხედავად ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, „ქართული ოცნება“ ხშირად ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იშველიებს ხოლმე და ამტკიცებს, რომ პარტია ევროკავშირთან არსებულ შეთანხმებას მიჰყვება.
„საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდგება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას — გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამით დასტურდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სინამდვილეში ასოცირების შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მაღალ დონეს, არ ანაცვლებს გაწევრიანების მოლაპარაკებებს და ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირს სხვადასხვა ტიპის ასოცირების შეთანხმებები გაფორმებული აქვს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის კონტინენტური ევროპის მიღმა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება „არ ემუქრებათ“.
9 ივლისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პირველად შეაფასა საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, პროგრესი და აღმასრულებელ ხელისუფლებას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას გადახედვისკენ მოუწოდა. კერძოდ, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი — დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემის — ვალდებულებების აშკარა დარღვევების გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მოუწოდებს შეთანხმების 422-ე მუხლის გამოყენებისკენ. ეს მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ზომების შერჩევისას, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთს, რომელიც ყველაზე ნაკლებად აბრკოლებს ასოცირების შეთანხმების ფუნქციონირებას, თუმცა შეიძლება მოიცავდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილის შეჩერებას.
„ყველაფერი ბრუნდება 20 წლის უკან“ – როგორ დაარღვია „ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმებაც
