თბილისის საქალაქო სასამართლოში “დაფიონის” დამფუძნებელ ზვიად ცეცხლაძეს და კიდევ 7 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ორგანიზატორობაში ბრალდებულები იცნობდნენ ან აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულების ქმედებებს.
“არ არის აუცილებელი პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდათ, როცა [ორგანიზატორები] გეგმავდნენ, იმ მომენტში ხდებოდა ძალადობა”, – ამბობს პროკურორი.
“მე ვარ საქართველოსთვის მებრძოლი კაცი, 5 შვილის მამა. არ ჩამიდენია და არც შინაარსი მესმის. ჩემი ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა შევწირე ჩემს სამშობლოს. ეს თუ დანაშაული იყო, არ ვიცოდი. საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ და არ ვტოვებ, რომ არ დაიცალოს. მე ისეთ რამეს არ ჩავიდენ, ჩემს 5 შვილს რომ შერცხვეს. ციხისთვის როდესაც მიმეტებთ დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ჩემს შვილებს აყენებთ უდიდეს ზიანს. სირცხვილია უბრალოდ”, – განაცხადა კასრაძემ.
“მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება”, – მიმართა “დაფიონის” დამფუძნებელმა ზვიად ცეცხლაძემ ახლობლებს სასამართლო პროცესზე.
ცეცხლაძემ თქვა, რომ თუ მისი ვიდეომიმართვა დანაშაულია, დანაშაული ყოფილა ილია სიტყვებიც: “რევოლუციის ნუ გეშინიათ”.
ცეცხლაძემ მიმართა პოლიციასაც და მოუწოდა დაფიქრდნენ, რატომ გადაწყვიტა გაზაფხულის აქციებზე მოცეკვავე და მოთამაშე ახალგაზრდებმა ახლა პიროტექნიკის გამოყენება.
“მსურს რომ დაფიქრდეთ, რატომ მივიდა, ეს საზოგადოება ამ აზრამდე. რა ალტერნატივა დაუტოვა, მათ შორის სასამართლომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან სამშობლოსთვის? საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ყველანაირი სამართლებრივი რეჟიმი გათელილია და საზოგადოებას და მათ შორის მეც, გვრჩება ერთადერთი საერთაშორისო სამართლის პრინციპის გამოყენება, რაც გვაძლევს ამბოხების უფლებას და წინააღმდეგობის გაწევის უფლებას. ჩვენი ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გავიმარჯვებთ სახელოვნად” – განაცხადა ცეცხლაძემ.