სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი ლევან იოსელიანს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრებისთვის აკრიტიკებს.
„ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას“, — ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვაზე დროული, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საჯაროდ გამოხატონ პოზიცია პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრების და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობის კონსტიტუციურობის საკითხზე.
„საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მიერ (რომლებიც სახალხო დამცველთან ერთად, წარმოადგენენ სპეციალურ სუბიექტებს არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნებისთვის), საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერების საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ შემჭიდროებულ ვადებში (30 დღე) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს“, — ნათქვამია განცხადებაში.
აპარატის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მუდმივად ცდილობენ აღნიშნულ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ და მოსაგვარებლად შიდა რესურსების გამოყენებას, მაგრამ ვინაიდან საკითხები საჯარო ინტერესის მქონე თემებს ეხება, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს მათი პოზიციის შესახებ იმ საზოგადოების ინფორმირება, რომელთა წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები, როგორც საჯარო მოსამსახურეები.
„ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების მანძილზე აქ დასაქმებული მოხელეები ვქმნიდით და არამხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები. მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ აქ დასაქმებული პროფესიონალების პოზიცია არის პრინციპული არა მხოლოდ ამ საკითხის, არამედ სხვა საკითხების მიმართაც და საქმიანობის პრიორიტეტები, ხედვა თუ რწმენა ადამიანის უფლებებისადმი არ შეცვლილა“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები არიან:
- ანი სალდაძე
- ეკა მამრიკიშვილი
- ელენე ჩავლეშვილი
- ევა ფაჯიშვილი
- გიორგი კვირიკაშვილი
- გიორგი ტყებუჩავა
- გიორგი მელიქიძე
- გიორგი ქაჯაია
- გიორგი ჩარკვიანი
- გიორგი ძაძუა
- გვანცა ხარატიშვილი
- ლარა ჯამარაული
- ლიკა ბაციკაძე
- ლიკა ღვინჯილია
- ლევან პაპავა
- მაკო არაბული
- მარიამ თავდგირიძე
- მარიამ მახარაძე
- მარიამ მოსეშვილი
- მერაბ დობორჯგინიძე
- ნათია გორგილაძე
- ნათია ფიცხელაური
- ნათია საღრიშვილი
- ნინო ათაბეგაშვილი
- ნინო ბერიშვილი
- ნინო ლეჟავა
- ნინო შალამბერიძე
- ნინო სულამანიძე
- ნინო ვალიკოვი
- სოფო რუსეცკი
- თამარ გუგუტიშვილი
- თამარ ოგანოვა
- თამარ ხოხობაშვილი
- თამთა პაპუაშვილი
- თამუნა აბაზაძე
- თინათინ თინიკაშვილი
- ქეთი ხვედელიანი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ესწრებოდა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა.
„ერთადერთი უწყება, რომლისთვისაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, ვშრომობთ, არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ. შესაბამისად, მე არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის შეკრება იყო სრულიად ლეგიტიმური, კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად“, — განუცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
კონსტიტუციონალისტები მიუთითებენ, რომ პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაციის [შესაბამისად 150 დეპუტატის] საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეკრებილიყო, მიუხედავად იმისა, მოიწვევდა თუ არა პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, მოესმინა ცესკოს თავმჯდომარის ანგარიში და შეექმნა დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისიები, თუმცა არ უნდა ეცნო დეპუტატების უფლებამოსილება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე.