საზოგადოება

„სანიტარული კორდონი ივანიშვილის ირგვლივ“ — ევროპარლამენტში საქართველოზე იმსჯელეს

20 ნოემბერი, 2024 •
„სანიტარული კორდონი ივანიშვილის ირგვლივ“ — ევროპარლამენტში საქართველოზე იმსჯელეს

ევროპარლამენტი 25-28 ნოემბრის სესიაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი კი საქართველოს შესახებ პირველ ანგარიშს მოამზადებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა.

რეზოლუციისა და ანგარიშის სამუშაო ვერსია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის 18 დეკემბრის სხდომაზე გამართული დებატებიდან ნათელია, რომ ევროპარლამენტარების მთავარი ყურადღება საარჩევნო დარღვევების გამოძიება და ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას დაეთმობა.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებდა. სამწუხაროდ, ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენების ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე წინააღმდეგობრივი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი გაიყინა. საპარლამენტო არჩევნებმა დამატებითი შეშფოთებები წამოჭრა ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ“, — განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.

სხდომაზე მოუსმინეს ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო ურთიერთობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელ მეთიუ ბუსკეს და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენელ აუდრონე პერკაუსიენეს. მათ თქვეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არ აკმაყოფილებდა სტანდარტს, რომელსაც კანდიდატი ქვეყნისგან ელიან. ხაზი გაუსვეს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებმა, განაცხადეს პროცედურული შეუსაბამობების, ხმის მიცემის საიდუმლოების ხშირი დარღვევის, ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის შესახებ და ახლა ელიან, რომ საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა გამჭვირვალედ გამოიძიონ დარღვევები.

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოხსენებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ევროკომისიის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს დამატებითი ზომების მიღება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუ მდგომარეობა კიდევ გაუარესდება. საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების წინაპირობებად კი დაასახელეს ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, რუსული და ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების უკან გაწვევა და ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის შეწყვეტა. ამ ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ევროკომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებასთან რეფორმებზე მუშაობისა და ინტეგრაციის პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა იკითხა, არსებობს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რამე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან, რაზეც EEAS-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ არა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც PVT-ის ატარებდნენ, ასეთი შედეგების გამოქვეყნება არარელევანტურად მიიჩნიეს.

მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე, რასა იუკნევიჩიენემ (ევროპის სახალხო პარტია) თქვა, რომ ევროპარლამენტმა არ უნდა აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა და ევროკავშირს კვლავ მოუწოდოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ.

„საქართველოსა და მოლდოვაში არჩევნები იყო კრემლის სამიზნე. მაგრამ მოლდოვაში რუსეთს გარე აქტორის როლში ყოფნა უწევდა, ხოლო საქართველოს არჩევნებში კრემლის ნარატივები გაავრცელა და არჩევნები მოიპარა ხელისუფლებამ შიგნიდან. საქართველო მიტაცებული აქვს რუსული სტილის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები. „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და მოვუწოდოთ ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ. აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსი გამოიყენა საქართველოს მომავლის მანიპულირებისთვის. ევროკავშირმა ღიად უნდა უთხრას ქართულ საზოგადოებას, რომ ალიანსში გაწევრიანება არ არის თავსებადი ავტორიტარიზმთან. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის დებიძინიზაციის შემდეგ“, — განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მისი თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა გადააფასოს, აკმაყოფილებს თუ არა საქართველო უვიზო მიმოსვლის პირობებს.

ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, ამბობს, რომ დამკვირვებლებმა ნახეს ყველა სახის გაყალბება და ამას სჭირდება ევროპული პასუხი.

ევროპარლამენტარმა ჯგუფიდან „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი“ ტომას ვაიცმა განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნების მასობრივი მანიპულირება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას.

„უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური მმართველობით კი ისინი ვერ შეძლებენ, ქვეყანა ერთი სანტიმეტრითაც კი დაუახლოონ ევროკავშირს. „ქართული ოცნება“ არჩევნების დღესაც ამტკიცებდა, რომ ისინი პროევროპული არიან, მაგრამ ყველაფერი, რასაც აკეთებენ, საპირისპიროა. პრემიერი ყველა მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვით დაიმუქრა. ავტორიტარული ქცევის კიდევ რამდენი მტკიცებულება გსურთ ნახოთ?“ — თქვა ვაიცმა.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყველა მიმდინარე ევროპული პროგრამა საქართველოში და უზრუნველვყოთ სანიტარული კორდონი საქართველოს მთავრობის, მათ შორის ბატონი ივანიშვილის ირგვლივ“, — თქვა „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების“ (ECR) ჯგუფის წევრმა მალგოჟატა გოშიევსკამ.

მალგოჟატა გოშიევსკამ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის რანგში იყო საქართველოში ჩამოსული, როცა მას მიხეილ სააკაშვილი მონახულების საშუალება არ მისცეს. ის აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები იყვნენ.

ლიეტუველი ევროპარლამენტარმა, Renew Europe Group-ის წევრმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება და ქვეყანა 3-4 წელია, „თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია“.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ძალიან გვიან აღმოვაჩინეთ სახიფათო განვითარებები საქართველოს საშინაო პოლიტიკასა და მმართველი პარტიის რიტორიკაში. საქართველო მოიცვა კრემლის პიარ პროპაგანდამ. კრემლის პროპაგანდის რამდენიმე საკვანძო ფიგურა არჩევნების დროს საქართველოში იყო. ისინი მართავდნენ საარჩევნო პროცესს და კამპანიას. კამპანია ე.წ. ომისა და მშვიდობის ბანაკების ერთგვარ ბრძოლაზე იყო აგებული. ეს არის მეზობელ ქვეყნებში რუსეთის ჩარევისა და ბოროტი ოპერაციების ძალიან კლასიკური მაგალითი. ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, უნდა მივიღოთ რამდენიმე პრაქტიკული გადაწყვეტილება… ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ შევხვდეთ საქართველოს ე.წ. არჩეული პარლამენტის წევრებს. წარმოგიდგენიათ, ერთ ოთახში ისხდეთ მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საქართველოდან? ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად მოქნილი და არა მხოლოდ გავყინოთ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, არამედ გავაუქმოთ პოლიტიკური კონტაქტებიც მმართველ პარტიასთან“, — განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

იტალიელმა დეპუტატმა დანილო დელა ვალემ, რომელიც ექსპრემიერ ჯუზეპე კონტეს პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ წარმოადგენს, წუხილი გამოთქვა საარჩევნო დარღვევებისა და იმის გამო, რომ საქართველოში ლგბტქ თემს თავს ესხმიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნა რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება არასწორია და საჭიროა დიალოგი თბილისთან.

„ცხადია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთის ჩარევას. თუმცა, ჩვენ თვითონ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნის საქმეებში“, — თქვა დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ პოზიციები დაიცვეს ვიქტორ ორბანის ინიციატივით შექმნილი „პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE Group) და ულტრამემარჯვენე „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) წარმომადგენლებმა. თუმცა ESN-ში შემავალი პრორუსული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ალექსანდერ სელმა თქვა, რომ ევროკავშირი უკვე ძალიან გაფართოვდა და ახალი წევრები არ უნდა მიიღოს.

„ძვირფასო კოლეგებო, ისწავლეთ წაგება. „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები და პატივი ეცით ამ ფაქტს. ევროპარლამენტი მიუკერძოებელი დამკვირვებელი არ ყოფილა… საქართველოს უფლება აქვს, ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ეკონომიკურად დამოკიდებულია მასზე. იმპერიალისტურია, საქართველოს რუსეთის მტრობა აიძულო“, — მიმართა ევროპარლამენტარებს სლოვაკმა დეპუტატმა ლუბოშ ბლაჰამ, რომელიც ევროპარლამენტის არცერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ შედის.

ლუბოშ ბლაჰა სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს მემარცხენე-პოპულისტური პარტია „სმერის” წევრია. ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს; დებატებზე, როგორც წესი, მხარს უჭერს „ქართულ ოცნების“ პოზიციებს. ცოტა ხნის წინ ბლაჰა მოსკოვში ჩავიდა, რათა „ფაშიზმისგან გათავისუფლებისთვის“ მადლობა გადაეხადა და „ბოდიში მოეხადა რუსოფობიისთვის“, რომელიც თითქოსდა დასავლეთში არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი