მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთო სასამართლოების დონეზე საარჩევნო დავების განხილვა ცესკოს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა, შესაძლოა, პროცესმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლოს, თუ ამას რომელიმე მოდავე მხარე გადაწყვეტს.
თუმცა ამ პროცესს ერთი ნაკლი აქვს: სტრასბურგის სასამართლოში დავის პროცესი წლობით გაგრძელდება, საარჩევნო დავა კი საქართველოში უფრო სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს, გამომდინარე იქიდან, რომ ნოემბრის ბოლოს ახალ პარლამენტს უკვე შეუძლია შეკრება.
ამიტომ, სტრასბურგის ვარიანტზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. თუმცა ამ სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის გამოცდილება აქვს.
ამ სტატიაში განვიხილავთ, რა პრაქტიკა აქვს ჩამოყალიბებული სტრასბურგის სასამართლოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.
რა ხდება?
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლითაც ოფიციალურად „ქართულმა ოცნებამ“ 53.932% მიიღო, არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. ყველა მათგანი გაყალბებაზე საუბრობს.
ამასთან, საარჩევნო დარღვევებზე დავობენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ყველა იმ უბნის (2263) შედეგის ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
ერთადერთი სასამართლო, სადაც საიას სარჩელი დაკმაყოფილდა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო იყო. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სასამართლო პროცესზე ჩატარებული ექსპერიმენტით ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. დანარჩენ შემთხვევებში სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო საჩივრებიც.
ამით საერთო სასამართლოებში პროცესი ამოუწურა.
როგორც საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა, რა ფორმით, ჯერ ვერ აკონკრეტებს.
„ეს [სააპელაციო] იყო ბოლო ინსტანციის სასამართლო საარჩევნო დავებზე და, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას დავასრულებთ. ჩვენ ვაპირებთ, ამ საქმეს ჰქონდეს გაგრძელება და კონკრეტულად რა იქნება ეს გაგრძელება, ამაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, მაშინ, როცა ამის დრო მოვა“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ახლა, არაუგვიანეს 21 ნოემბრისა, ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს.
ცესკოში არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ სამართლებრივი პროცესის გაგრძელების ორი გზა არსებობს: საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში. თუმცა ორივე პროცესი დროში საკმაოდ გაწელილი იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობა გასაჩივრდეს. ასეთი სარჩელის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატთა 1/5-ს და სახალხო დამცველს.
როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი ნეტგაზეთთან განმარტავს, ზოგადი წესის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვამდე, გასაჩივრების შიდა ეფექტური მექანიზმები ამოწურული უნდა იყოს.
თუმცა, მისი თქმით, მომჩივანმა მხარემ უნდა შეაფასოს, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო რამდენად წარმოადგენს იმ ეფექტურ საშუალებას, რომელსაც შეუძლია დარღვეული უფლების აღდგენა და გადაწყვიტოს, ღირს თუ არა სტრასბურგში სარჩელის წაღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დალოდება.
„შესაძლოა, ამ კონკრეტული მექანიზმის პრობლემურობა მდგომარეობდეს იმაშიც, რომ საქმის განხილვის ხანგრძლივობა აზრს უკარგავდეს მის გამოყენებას. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შეფასდეს მანამ, სანამ ვინმე გადაწყვეტს, წავიდეს თუ არა სტრასბურგში თავის საჩივრით.
ამ მიმართულებით პრეცედენტული სამართალი არის განვითარებული. თუკი არსებობს ორი პარალელური გასაჩივრების მექანიზმი, ერთ-ერთის ამოწურვაც სასამართლოს გადასახედიდან მიანიშნებს იმას, რომ მომჩივანმა მიმართა მის ხელთ არსებულ უფლებების დაცვის საშუალებას და ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო მეორე მექანიზმის ამოწურვა. მაგალითად, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს საერთო სასამართლო და მეორედ საკონსტიტუციო სასამართლო. ერთის ამოწურვაც იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ შესაბამის პირს უკვე მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის და აღარ დალოდებოდა მეორე მექანიზმს“, – ამბობს დავით ჯანდიერი.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში?
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი, რომელიც თავისუფალი არჩევნების უფლებას შეეხება, ამბობს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც:
„კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას“.
როგორც დავით ჯანდიერი ამბობს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევაზე შედის, სასამართლო ორ მიმართულებაზე ფოკუსირდება: არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო დავების განხილვის ნაწილზე.
ვინაიდან, მისი თქმით, თავისუფალი არჩევნების კონცეფცია საფრთხის ქვეშ ორ შემთხვევაში დგება – თუ არსებობს პროცედურული დარღვევების მტკიცებულებები, რომლებსაც შეეძლო, რომ ხელი შეეშალა ხალხის აზრის თავისუფალი გამოხატვისთვის, ან ამომრჩეველთა ნების დამახინჯებაზე საჩივრებს შიდა დონეზე ეფექტურად არ განიხილავენ.
„თვითონ კონვენციის ეს მუხლი არ ყოფილა ჩაფიქრებული, როგორც საარჩევნო კოდექსი, რომ საარჩევნო პროცესის ყველა ასპექტი მოეცვა და დაერეგულირებინა. ამიტომ სასამართლოს შემოწმების დონე დამოკიდებული არის თავისუფალი არჩევნების უფლების ასპექტზე, ამ უფლების რეალიზების დარღვევას რამდენად ჰქონდა ადგილი. ამ თვალსაზრისით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, იყო თუ არა შიდა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითნებური ან აშკარად არაგონივრული ხასიათის და შეზღუდვამ შეაფერხა თუ არა ხალხის აზრის თავისუფლად გამოხატვა. უბრალოდ, შეცდომა ან დარღვევა საარჩევნო პროცესში და მისი ტექნიკური ეტაპები თავისთავად არ ნიშნავს არჩევნების უსამართლობას, თუ საარჩევნო ადმინისტრირება თანასწორობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ზოგადი პრინციპებით იყო დაცული“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.
საარჩევნო დავების განხილვის გამოცდილება სტრასბურგის სასამართლოში
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი საარჩევნო დავა განუხილავს. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილული საქმეების კონტექსტი საქართველოს შემთხვევის იდენტური არაა, სხვადასხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში სასამართლო იმ ასპექტებზე საუბრობს, რაც საქართველოში მიმდინარე საარჩევნო დავებისასაც შესაძლოა იყოს გათვალისწინებული.
მაგალითად, ერთ-ერთი საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უნგრეთთან დაკავშირებით მიიღო – Bakirdzi and E.C. v. Hungary – სწორედ კენჭისყრის ფარულობაზეა საუბარი. აღნიშნულ საქმეზე 2022 წელს გამოტანილ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, რომ:
„ხმის მიცემის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ფარული კენჭისყრა, რაც ამომრჩეველს საშუალებას მისცემს, თავისუფლად და ეფექტურად მისცეს ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს სინდისის შესაბამისად და სხვების მხრიდან ზედმეტი გავლენის, დაშინების ან მიუღებლობის გარეშე. ის ასევე ემსახურება უფრო ფართო საზოგადოებრივ ინტერესს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. პრაქტიკული თვალსაზრისით, საკითხი, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა მოცემულ არჩევნებზე, არ უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის. ხმის მიცემის სისტემამ უნდა დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ისინი არ იქნებიან იძულებული, პირდაპირ ან ირიბად გაამჟღავნონ, ვის მისცეს ხმა“.
სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთმა ქართველმა იურისტმა გაიხსენა. მათ შორის იყო დავით ჯანდიერიც, რომელიც ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებაც პრეცედენტული მნიშვნელობის იქნება, თუ საქართველოში ვინმე ჩათვლის, რომ პროცესმა სტრასბურგში უნდა გადაინაცვლოს.
„ამ გადაწყვეტილებაში მოცემულია ზოგადი პრინციპი, რომელიც უკავშირდება ხმის მიცემის ფარულობას. ცხადია, საქმეები იდენტური არ არის და სხვა კონტექსტია, მაგრამ სასამართლომ ზოგადი პრინციპის სახით მოახდინა ფარულობის მნიშვნელობის ფორმულირება საარჩევნო უფლების შეფასების თვალსაზრისით. სასამართლომ თქვა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით საკითხი იმის შესახებ, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა არჩევნებზე, არ უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის და არც სხვა პირისთვის. ხმის მიცემის სისტემა უნდა იძლეოდეს დაცულობის გარანტიებს და უნდა დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ისინი არ იქნებიან იძულებული, პირდაპირ ან ირიბად გაამჟღავნონ, თუ ვის მისცეს ხმა“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებსა და საარჩევნო უფლების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოსთვის საქართველოდან აქამდეც მიუმართავთ. მაგალითად, 2004 წელს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც 2003-2004 წლებში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონიერებას ასაჩივრებდა.
ლეიბორისტული პარტიის საქმეზე 2008 წელს გამოტანილ გადაწყვეტილებაშიც სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არჩევნების ორგანიზაციულ მხარეზე და ამბობს, რომ საარჩევნო სიების სათანადო მენეჯმენტი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების წინაპირობაა და სასამართლოს თვალში საარჩევნო სიების უზუსტობამ შეიძლება, სერიოზულად დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო უფლებების ეფექტურობასა და განხორციელებას.
„თუ საარჩევნო სიაში არ არის ზოგიერთი ამომრჩეველი და/ან სხვები მრავალჯერ არიან რეგისტრირებულნი, ასეთი არასწორი მენეჯმენტი არა მხოლოდ დააზარალებს ამომრჩევლის ინტერესებს, არამედ შესაძლოა აგრეთვე შეამციროს კანდიდატის შანსები, თანასწორობისა და სამართლიანობის პირობებში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, – ვკითხულობთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ლეიბორისტული პარტიის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.
დავით ჯანდიერის თქმით, გარდა ორგანიზაციული ნაწილისა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა საარჩევნო დავების ეფექტური განხილვა უზრუნველყონ და შიდა გადაწყვეტილებები ამ თვალსაზრისით დასაბუთებული იყოს.
„[სტრასბურგის] სასამართლო უყურებს საარჩევნო დავების განხილვისას იმ ორგანოების ქცევას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საკითხების აღმოფხვრაზე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თავისუფლად ჩატარების უფლება არ მოიცავს იმ გარანტიებს, რომელიც კონვენციის მეექვსე მუხლით არის დადგენილი, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას ვგულისხმობ, საარჩევნო დავები შეიცავს იმ გარანტიებს, რომელიც არის დამახასიათებელი სამართლიანი განხილვისთვის. მათ შორის ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სკრუპულოზური იმ ამოცანის შესრულებაში, რაც უკავშირდება საარჩევნო დავის განხილვას“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.
დავით ჯანდიერს ამის მაგალითად მოჰყავს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2017 წელს რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე – Davydov and Others v. Russia- გამოტანილი გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საარჩევნო საჩივრების ეფექტური განხილვის შესაძლებლობა დაირღვა, რადგან შესაბამისი ორგანოები შინაარსში არ შესულან და მხოლოდ ფორმალურობით შემოიფარგლნენ.
„სასამართლოები, როგორც წესი, თავს არიდებდნენ ბრალდებების შინაარსობრივ სიღრმეში შესვლას. მათი ანალიზი შემოიფარგლებოდა ფორმალობებითა და ამასთან დაკავშირებული ტრივიალური საკითხებით. მხედველობაში არ იღებდნენ მტკიცებულებებს, რომლებიც სერიოზულ და ფართოდ გავრცელებულ პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებდა. არსებითად, მათ დაადასტურეს საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ისე, რომ რეალურად არ მოუკვლევიათ მიზეზები, რაც განმცხადებლების მიერ დასახელებული გამოწვევების უკან იდგა“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე Davydov and Others v. Russia.
ამიტომ, დავით ჯანდიერის თქმით, ამ თვალსაზრისით, ის ენთუზიაზმი, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოიჩინა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იქნება თუ პროცესი სტრასბურგში გაგრძელდება.
„შესაძლებელია, რომ [სტრასბურგის] სასამართლოსთვის მრავალი მოსაზრება იქნეს მიწოდებული, ეს შეიძლება იყოს: რომელიმე მოსამართლის დაწერილი განსხვავებული აზრი, სხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიმე საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება. სასამართლოს გადაწყვეტილებებში ხშირად ვხვდებით მითითებას, მათ შორის, ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც განსხვავდებოდა ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებისგან, რაც შემდგომში გასაჩივრდა სტრასბურგის სასამართლოში. არაერთი გადაწყვეტილებაა, სადაც სასამართლოს უთქვამს, რომ ის იზიარებდა იმ განმარტებას, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ გააკეთა“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.
მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში გასაჩივრების მექანიზმი არსებობს, დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ქართულ დემოკრატიას ახლა მოკლევადიან პერსპექტივაში დახმარება უფრო სჭირდება. როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოში პროცესი შესაძლოა წლობით გაგრძელდეს.
„ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლო თავისუფალი არჩევნების უფლების დაცულობის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში მოკლევადიან პერსპექტივაში ქართული დემოკრატიას დახმარება შეუძლია გაუწიოს ხალხმა, პოლიტიკურმა სპექტრმა და მთლიანად საზოგადოებამ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.








