საზოგადოება

უგულავას საბანკო ანგარიში “შეცდომით” დაუყადაღეს ავტობუსით “უბილეთოდ მგზავრობის” გამო

4 ნოემბერი, 2024 •
უგულავას საბანკო ანგარიში “შეცდომით” დაუყადაღეს ავტობუსით “უბილეთოდ მგზავრობის” გამო

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგი უგულავას თქმით, მას თბილისის მერიამ “ავტობუსში უბილეთოდ” მგზავრობის გამო საბანკო ანგარიში დაუყადაღა მაშინ, როცა აღნიშნული ავტობუსით არ უმგზავრია.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დაუწერეს, რაც უბილეთო მგზავრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიას დაუკავშირდა. მათი თქმით, აღნიშნული ჯარიმა შეცდომით გამოწერეს, რადგან უბილეთო მგზავრის სახელი, გვარი, დაბადების წელი და რეგისტრაციის ადგილი ემთხვეოდა გიგი უგულავას მონაცემებს.

მათივე თქმით, გიგი უგულავას ჯარიმა და მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა უკვე მოეხსნა.

“გაცნობებთ, რომ აღნიშნული ჯარიმა გამოწერილია შეცდომით. უბილეთო მგზავრობას ადგილი ჰქონდა სხვა პიროვნების მხრიდან და იდენტიფიცირების დროს დაფიქსირდა ხარვეზი. აღნიშნული მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების წელი და რეგისტრაციის ადგილი არის იდენტური. პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სხვა დროსაც დაფიქსირდა ორიოდე შემთხვევა, თუმცა მოქალაქის მომართვის საფუძველზე მოხდა დაუყოვნებლივი რეაგირება”, – აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი