მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმში, ხმების 98.74%-ის დათვლის შედეგად, 50.24% მხარს უჭერს კონსტიტუციის ცვლილებას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით, 49.76%-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
„მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციის ცვლილებას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ – ეს იყო რეფერენდუმის კითხვა, რომელზეც მოლდოველებს თავიანთი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინათ.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმი მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად 20 ოქტომბერს გაიმართა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველ ადგილზე ქვეყნის მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუა 41,89%-ით, მეორე ადგილზე კი, ალექსანდრე სტოიანოგლო 26,30%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს.
შედეგებს გამოეხმაურა მაია სანდუ. მისი თქმით, მოლდოვის თავისუფლება და დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის წინაშე იყო, როგორც არჩევნების დღეს, ისე ბოლო თვეებში.
„ჩვენი ეროვნული ინტერესებისადმი მტრულად განწყობილ უცხო ძალებთან მომუშავე კრიმინალური ჯგუფები თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით, ყველაზე სამარცხვინო საშუალებების გამოყენებით, რათა ჩვენი ქვეყანა გაურკვევლობასა და არასტაბილურობაში დაეტოვებინათ.
ჩვენ გვაქვს მკაფიო მტკიცებულება, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები აპირებდნენ 300 000 ხმის ყიდვას – უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობაა. მათი მიზანი იყო დემოკრატიული პროცესის შელახვა. მათი მიზანია საზოგადოებაში შიშისა და პანიკის შექმნა.
ჩვენ უკან არ დავიხევთ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად. ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით გიპასუხებთ“, – დაწერა სანდუმ X-ზე.
