საზოგადოება

საქართველოზე ევროკომისიის ანგარიში, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება

10 ოქტომბერი, 2024 •
საქართველოზე ევროკომისიის ანგარიში, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება

ევროკომისიის სავარაუდო დღის წესრიგის მიხედვით, გაფართოების შესახებ ანგარიში 30 ოქტომბერს ანუ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.

საუბარია ანგარიშზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, რამდენად ასრულებს ან არ ასრულებს საქართველო ბრიუსელის 9 რეკომენდაციას და, შესაბამისად, იმსახურებს თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას. სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე უნდა მიიღონ შემდეგ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.

როგორც ნეტგაზეთს ევროკომისიაში განუცხადეს, ეს თარიღი ოფიციალურად ჯერ არ არის საბოლოოდ დამტკიცებული.

საქართველოს ხელისუფლებამ თარიღი  უკვე დაუკავშირა მის მიერვე გამოგონილ კონსპირაციას, რომელიც გლობალური ომის პარტიას უკავშირდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროკომისია გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს, რადგან აქცენტი პოსტსაარჩევნო პერიოდზე გადაიტანეს და არა წინასაარჩევნო მოვლენებზე.

კობახიძის კონსპირაციის თანახმად, ეს მიანიშნებს, რომ „გლობალურ ომის პარტიას” აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში“.

„მოგეხსენებათ, 20 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება და ახლა გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება ეს დასკვნა. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ [ევროპარლამენტის რეზოლუციის] იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თავისთავად, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში. ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას, „ჭიქაში ატეხილ ქარიშხლად“ აფასებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია.

როგორც კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან ამბობს,  გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი ნაკლებად არის დაკავშირებული საქართველოს არჩევნებთან და საფუძველი არ აქვს იმ კონსპირაციის თეორიას, რასაც „ქართული ოცნება“ მიმართავს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს საკითხით დაინტერესებული არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ბრიუსელში დღე და ღამე მხოლოდ საქართველოზე ფიქრობენ.

„არ მგონია, საქართველოს თემა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს ევროკავშირისთვის, რომ მაგაზე ფიქრობდნენ, არჩევნების წინ გამოაქვეყნონ ანგარიში თუ შემდეგ. ამის უკან დგას სხვა ბიუროკრატიული სამუშაოები, ასე სწრაფად არ ხდება ამ დოკუმენტების [მომზადება]. სხვა მნიშვნელოვანი თემებიც არის, მათ შორის უკრაინის თემა. ეს პირველად არ ხდება, ხშირად არის ხოლმე, რომ ევროკავშირში ეს პროცესი ხან იწელება და დრო მიაქვს, ხან მეტ-ნაკლებად ახერხებენ გამოქვეყნებას“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, რადგან წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ნარატივია, რომ ევროკავშირი და დასავლეთი არჩევნებში ერევა, ახლა სურთ, ანგარიშის გამოქვეყნების თარიღიც ამის დასამტკიცებლად გამოიყენონ.

„ეს ჰგავს ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს. არჩევნებამდე რომ გამოექვეყნებინა ევროკავშირს ანგარიში, მაშინ [“ოცნების” ლიდერები] იტყოდნენ, რომ არჩევნებში ჩაერივნენო. რაც არ უნდა გაეკეთებინა ევროკავშირს, როცა ხელისუფლებას სპეკულაციური იდეები აწუხებს, ყველა შემთხვევაში მოაბამდა ამას ყურს. „ქართულ ოცნებას“ რომ მოსწონებოდა, ეგეთი არაფერი იქნებოდა.

მით უმეტეს, უკვე დიდი ხანია წინასწარი შეფასებებით ცნობილია, რომ ევროკომისიის შეფასება მძიმე იქნება საქართველოსთვის.  იგივე ევროკავშირის ელჩის, ბრიუსელის სხვადასხვა მაღალჩინოსნების განცხადებებიდან ჩანს, რომ საქართველო დიდი ხანია ჩამოშორდა გაფართოების ამ პაკეტს და რეგრესს განიცდის. ის კი არა, რომ ვერ ასრულებს იმ 9 პუნქტს, არამედ უკან წავიდა, მათ შორის ამ რუსული კანონის მიღებით და კიდევ სხვა კანონებით. ითქვა კიდეც, რომ გაყინულია ეს პროცესი. ასე რომ, რას შეცვლის გაფართოების ანგარიში? რა იქნება ის ახალი, რაც საზოგადოებამ არ იცის? მათ წინასწარ იციან, დაახლოებით რაც იქნება ანგარიშში, სიურპრიზები ნამდვილად არ იქნება“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

იმის მაგალითად, რომ ევროკავშირის მიზანი ქვეყნების არჩევნებში ჩარევა არაა, კორნელი კაკაჩია მოლდოვის არჩევნებს ასახელებს. მოლდოვაც, საქართველოსთან ერთად, გაფართოების პაკეტშია. 20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

„თუ მოლდოვაში უნდოდათ არჩევნებში ჩარევა და მოლდოვის ხელისუფლების გაძლიერება, პირიქით, არჩევნებამდე ადრე უნდა გამოექვეყნებინათ მათზე ანგარიში. საქართველოს და მოლდოვის გარშემო არ ტრიალებს მსოფლიო და, მით უმეტეს, ევროკავშირის ინტერესები. ასე რომ, სჯობს ხელისუფლებამ იმაზე იფიქროს, როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან, რომელიც მათ ქვეყანაში შექმნეს და მთელი ძალისხმევა იმისკენ მიმართოს, რომ არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს და შეკითხვები არ იყოს მის ლეგიტიმურობასთან, სამართლიანობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

“ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი