ბელარუს დევნილ ჟურნალისტს  საქართველოში აღარ უშვებენ, ის ბათუმში ცხოვრობს 

საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა აცხადებს, რომ  საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ და ქუთაისის აეროპორტიდან განმარტების გარეშე დეპორტს უპირებენ.

იგი საქართველში პოლონეთიდან 16 სექტემბრის ღამეს ჩამოფრინდა.

“უკან პოლონეთში ყოველგვარი მიზეზის გარეშე გვაგზავნიან. ჩვენი პასპორტები წაიღეს და ქუთაისის აეროპორტის უცნაურ ოთახში ვსხედვართ”, – ამბობს ჟურნალისტი. 

მან ფეისბუკზე იმ დოკუმენტების ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. დოკუმენტში უარის მიზეზი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა წერია, რომ ჟურნალისტი “არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს”. ამ დოკუმენტს მიელეშკამ ხელი არ მოაწერა. 

როგორც ანდრეი მიალეშკამ ნეტგაზეთს განუცხადა, ის პოლონეთიდან 11 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა:

“ჩვენ ახლა ქუთაისის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში ვართ, უფრო წინ აღარ დაგვიშვეს. ჩამოგვართვეს პასპორტები, არაფერს არ გვიხსნიან და გვეუბნებიან. პასპორტებს არ გვიბრუნებენ. რაღაც ფურცლებია, იქ წერია რაღაც “სხვა მიზეზები”, რომელსაც ასევე არ გვიმარტავენ. ევროპის ტერიტორიაზე ვიყავი შვებულების დროს. საქართველო ორი კვირის წინ დავტოვე. ახლა პოლონეთიდან ღამის თვითმფრინავით ჩამოვფრინდი. 11 წლის შვილთან ერთად ვიდექი საპასპორტო კონტროლზე. მას ჩაურტყეს პასპორტში ბეჭედი, თუმცა მე-არა. ვუთხარი, რომ მოეცადა ჩემთვის, რადგან მე არავინ არაფერს მეუბნება”, – ამბობს ბელარუსი ჟურნალისტი.

ჟურნალისტი  “ნეტგაზეთს” უყვება, რომ საქართველოში 2020 წელს ბელარუსული რეჟიმის დევნის გამო ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა თითქმის არ დაუტოვებია. მისივე თქმით,  ბელარუსული მედიისთვის ონლაინ ახლაც მუშაობს და ბელარუს და უკრაინულ დიასპორებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს:

“მე 2020 წლის ბელარუსის პროტესტების შემდეგ ასევე ვმუშაობდი ჟურნალისტად, თუმცა, როდესაც დაიწყო ჩვენი დევნა რეჟიმის მიერ, მოხდა ჩვენი ევაკუაცია საქართველოს ტერიტორიაზე. სამი წელი ვიცხოვრე ოჯახთან ერთად ბათუმში. ეს პერიოდი თითქმის არ დაგვიტოვებია საქართველო. ასე ვთქვათ, არსად ვჩანდით. მე აქ ჩემი საკუთარი მიკრობიზნესი მაქვს”.

“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ვერ მოგვაწვდიან ინფორმაციას პერსონალურ საკითხზე.