დღეიდან, 3 სექტემბრიდან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს ორგანიზაციები რუსული კანონით გათვალისწინებულ რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს, დააჯარიმოს ან დაიწყოს ე.წ. მონიტორინგი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გადაუწყვეტია, შეაჩერებს თუ არა დროებით რუსული კანონის მოქმედებას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ის წარმოებაში მიიღებს პრეზიდენტის, საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გაერთიანებულ სარჩელს და ჩათვლის, რომ იქამდე სანამ საბოლოო განაჩენს გამოიტანს, აუცილებელია კანონის დროებითი შეჩერებაც. გამწესრიგებელი სხდომა 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართა. მესამე დღეა მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
რუსულ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 ივნისს მოაწერა. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” და “ევროპელმა სოციალისტებმა” ვეტო დაძლიეს.
კანონი, გამოქვეყნებიდან 2 თვეში, 3 აგვისტოს შევიდა ძალაში. ორგანიზაციებს 1 თვე ჰქონდათ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის.
გუშინ, 2 სექტემბერს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ რეესტრში 469 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც სრული რაოდენობის 2%-იც კი არ არის. ამასთან, არც ის არის ფაქტი, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელმაც სამინისტროს რეგისტრაციისთვის მიმართა, საერთაშორისო დონორებისაგან დაფინანსებას იღებს.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა უარს ამბობს რუსულ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე. მათი ნაწილი კი, ვინც დარეგისტრირდა, აცხადებენ, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ თავი აარიდონ ჯარიმებს, რომლებიც, შესაძლოა, ორგანიზაციის ლიკვიდაციამდე მიეღოთ.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კერძოდ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მიიჩნევა ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.