საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოცემა „ბათუმელებს“ იმაზე ნაკლები ინფორმაცია მიაწოდა რუსული კანონის აღმასრულებელი ახალი დეპარტამენტის თანამშრომლების შესახებ, ვიდრე ამას რუსული კანონით თავად ავალდებულებს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს.
კერძოდ, „ბათუმელები“ შემდეგ ინფორმაციას ითხოვდნენ:
- რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში, ჩაშლილი საშტატო ნუსხით რა პოზიციებს იკავებენ ეს ადამიანები დეპარტამენტში (ვინაობის მითითებით);
- როგორ, რა ფორმით შეირჩა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის თანამშრომლები;
- ვინ არიან ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები (სახელი, გვარი);
- როგორ განისაზღვრა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომის
ანაზღაურება; - ჩაშლილ ინფორმაციას თუ რა ოდენობის ანაზღაურებას იღებენ ცალკეულ პოზიციებზე დასაქმებულები;
- რა თანხა გამოიყო ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის საქმიანობისათვის 2024 წელს ბიუჯეტიდან.
27 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოდან „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში 16 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 1 დეპარტამენტის უფროსია, 1 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2 სამსახურის უფროსი და 12 მთავარი სპეციალისტი.
თუმცა რეესტრს არ მიუწოდებია ჩაშლილი ინფორმაცია დეპარტამენტში დასაქმებული ადამიანების ვინაობაზე. რეესტრმა „ბათუმელებს“ მიუთითა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია მათივე ვებგვერდზე.
რეესტრის განცხადებით, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევა მოხდა კომისიური წესით, შესაბამისი თანამდებობისთვის ფუნქციური დატვირთვის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.
საჯარო რეესტრის განცხადებით, „ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო/შრომის
ანაზღაურება განსაზღვრულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობრივი სარგოებისათვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიებისა და სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად, არ განსხვავდება სხვა დეპარტამენტების საშტატო ნუსხისგან.“
სარაჯო რეესტრის განცხადებით, დეპარტამენტის შტატების თვის ფონდი ჯამურად შეადგენს 54 264 ლარს. თუმცა ჩაშლილი ინფორმაცია თუ ვინ არიან და რა ოდენობის ანაზღაურებას იღებენ ცალკეულ პოზიციებზე დასაქმებულები, საჯარო რეესტრს „ბათუმელებისთვის“ არ მიუწოდებია.
რას ითხოვს რუსული კანონი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებისაგან?
აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის ფარგლებში ყოველგვარი დასაბუთებისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშეა ვალდებული არასამთავრობო ან მედია ორგანიზაცია, გაასაჯაროოს რა ხელფასს უხდის თანამშრომლებს ან ბენეფიციარებს მათი ვინაობების, პირადი ნომრებისა და საბანკო ანგარიშების მითითებით.
დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას, პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელს ჰკითხა, შეუძლიათ თუ არა საჯაროდ თქვან სახელით და გვარებით იმ ადამიანების ხელფასები, რომლებიც ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში იმუშავებენ.
პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძემ უპასუხა: „შეგიძლიათ გამოითხოვოთ და მოგაწოდებთ“.
საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის ამ პასუხის შემდეგ, ინფორმაცია ნეტგაზეთმა რეესტრიდან კვლავ გამოითხოვა.