საზოგადოება

მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს

12 აგვისტო, 2024 •
მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს

მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

არჩილ ბადრიაშვილს ორი დღე ეძებდნენ.

„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს“, – წერს შსს.

არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. 2022 წელს მას და კიდევ ორ ალპინისტს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს, ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“ გადასცეს პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარე ურთულესი მარშრუტის, 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობისთვის, სადაც იქამდე ფეხი არავის დაუდგამს.

მაშინ ჟიური წერდა, რომ ქართველი ალპინისტების დაჯილდოების მთავარი მიზეზი იყო აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობა, ალპინისტთა გუნდის მცირე ზომა (მხოლოდ 3 კაცი) და ალპინისტური გზის განსაკუთრებული სირთულე, რომლის დაძლევასაც დასჭირდა ხანგრძლივი ცოცვა და მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეების დაძლევა.

შხელდა, რომელზეც ამჟამად იმყოფებოდნენ ალპინისტები, სვანეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. მისი უმაღლესი მწვერვალი 4322 მეტრია ზღვის დონიდან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი