რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
როგორც „მედუზა“ წერს, სმირნოვი ამბობს, რომ ოლქის სასაზღვრო რაიონებში კვლავ „რთული ოპერატიული ვითარებაა“, ხოლო საგანგებო ვითარების რეჟიმი რეგიონში უკრაინული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის ცხადდება.
უკვე მეორე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გუშინ, 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.
ამ ეტაპზე გადამოწმებული და ოფიციალური ინფორმაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა „ნეტგაზეთმა“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავი მოუყარა ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას. ცნობილია, რომ უკრაინელებმა ათეულობით რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტიც დაიკავეს.