რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, 6 აგვისტოს დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, კურსკის ოლქში, შეტევა განახორციელეს. უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ოპერაციისას ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.
ერთ-ერთი მათგანი – წვევამდელი – ამბობს, რომ არ ემხრობა პუტინს და ჯარში გაწვევისგან თავის არიდებასაც ცდილობდა.
მიმდინარე მოვლენებზე ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთმა გაავრცელა. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, მოსკოვის გავრცელებული ცნობების გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.
თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თუ დავუჯერებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების 300-მდე ჯარისკაცმა, 11 ტანკისა და 20 ჯავშანმანქანის დახმარებით, იერიში განახორციელა კურსკის ოლქში მდებარე სასაზღვრო პუნქტზე.
მოსკოვის განცხადებით, შეტევის მოსაგერიებლად კურსკის ოლქში გააგზავნეს საჯარისო რეზერვები და იყენებენ ავიაციასაც.
რუსეთის ბოლო განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა, სტატიის გამოქვეყნების მომენტში [20:37], უკან დაიხიეს. განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ეყრდნობოდა, წაიშალა ცნობა უკრაინული ძალების უკან დახევაზე.
ბოლო პერიოდში უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფები სხვადასხვა პერიოდულობით ახორციელებდნენ შეტევებს უკრაინასთან მოსაზღვრე ოლქებზე. თუმცა, როგორც წესი, ამ შეტევების უკან იდგა ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იბრძვიან, და არა უკრაინის რეგულარული ჯარი [რომლის მონაწილეობაც ამ შეტევაში ოფიციალურად არაა დადასტურებული].