საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დებატებში იწვევს ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს.
ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილმა უნდა უთხრას საზოგადოებას, თუ „რას ერჩის ამ ქვეყანას“.
„ივანიშვილზე გეტყვით. მთავარი ის არის, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა, არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ გადაახვევინა უცებ მთავრობას, – რომელიც არის მხოლოდ შემსრულებელი, – კურსიდან. ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში მოაქცია, დაასუსტა. [..] ყველაფერი გათელა, იმისთვის, რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა.
მისგან მხოლოდ ორი დიდი სიტყვა ვიცით, რომელიც, ალბათ, მისი დაწერილიც არაა. ეს ორი სიტყვა მტრულადაა განწყობილი ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას ჰპირდება რევანშს და რეპრესიებს.
ვერავინ გავიგეთ, რა უნდა, რატომ უნდა, რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში! თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს, რადგანაც თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, და დებატში გავარჩიოთ რაღაცები. მე ვკითხავ, – არა ჩემი მხრიდან, – საზოგადოებისთვის ვალდებულია, ახსნას ზოგიერთი პოზიცია. [..] რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას, არჩევნებამდე მაინც?!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.