საზოგადოება

ევროკომისიის პრეზიდენტი მეორე ვადით და მისი ხედვა საქართველოზე

18 ივლისი, 2024 •
ევროკომისიის პრეზიდენტი მეორე ვადით და მისი ხედვა საქართველოზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად.

კომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე ჯერ ევროპული საბჭოს ფორმატში შეთანხმდნენ, შემდეგ კი ფარული კენჭისყრა გაიმართა პარლამენტში. ახალი მოწვევის ევროპარლამენტი ამჟამად 719 დეპუტატისგან შედგება. ფონ დერ ლაიენს ესაჭიროებოდა დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა, 360 ხმა. მის კანდიდატურას 401-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 284-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრის წინ ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა ევროკომისიის პოლიტიკური პრიორიტეტები მომდევნო ხუთი წლისთვის, სადაც ნახსენებია საქართველოც:

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპამ აჩვენა, რისი მიღწევა შეუძლია ერთად… დროა, ევროპამ კიდევ ერთხელ იმოქმედოს კოლექტიურად. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა ყველა ევროპელი ამომრჩევლისთვის, მაგრამ ასევე ყველასთვის, ვინც აფრიალებს ევროპული დროშას, კიევიდან კიშინიოვამდე, თბილისში და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ მომავლისთვის — ყველა კანდიდატის მხარდაჭერით თავიანთ დამსახურებაზე დაფუძნებულ მოგზაურობაში ჩვენი კავშირისკენ და ჩვენი კავშირის მომზადებით მომავლისთვის არსებითი რეფორმების გატარებით“.

უფრო დიდი და ძლიერი კავშირი, ფონ დერ ლაიენის ხედვით, გაზრდის ევროკავშირის გეოპოლიტიკურ წონას და გავლენას გლობალურ სცენაზე, უფრო დაცულს გახდის ევროპას, გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას და დაეხმარება დემოკრატიას, სტაბილურობასა და კანონის უზენაესობას მთელ კონტინენტზე.

„მაგრამ ეს არ იქნება ადვილი მოგზაურობა. ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი — და თითოეული კანდიდატი შეფასდება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში საკუთარი პროგრესის მიხედვით. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას კანდიდატი ქვეყნების მოსამზადებლად, განსაკუთრებით, ინვესტიციებით და რეფორმებით დასავლეთი ბალკანეთის ზრდის გეგმისა და უკრაინის მექანიზმისთვის. ეს დაეხმარება მათ ინტეგრაციას ევროკავშირის კანონმდებლობასა და ერთიან ბაზართან და წვდომას ევროკავშირის ფონდებზე“, — ნათქვამია ევროკომისიის 2024-29 წლების პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპების გაფართოების თავში.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური ღირებულებები კვლავ რჩება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ქვაკუთხედად.

„მე დავნიშნავ გაფართოების იდეისადმი ერთგულ კომისარს ამ სამუშაოს წარმართვისთვის. 2004 წელს ბევრს ეჭვი ეპარებოდა სხვადასხვა სიძლიერის, ზომისა და ეკონომიკური სტრუქტურების მქონე ბევრი სახელმწიფოს ინტეგრაციაში. მაგრამ ევროკავშირმა დაძლია ეს გამოწვევა შიგნიდან მომზადებით და ადრეული ინტეგრაციით. ევროპა კიდევ ერთხელ გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, — აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა თავდაცვაზე, შესთავაზა თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტის შემოღება და მოუწოდა ყოვლისმომცველი საჰაერო თავდაცვის სისტემის — ევროპული საჰაერო ფარის — შექმნისკენ.

ფონ დერ ლაიენის ძირითადი ინიციატივები ასევე მოიცავს ახალ მწვანე შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყოს დეკარბონიზაციას და ინდუსტრიულ ზრდას; უსაფრთხოების გაძლიერებას ევროპოლის პერსონალის გაორმაგებით; ხელმისაწვდომ საბინაო გეგმას; „ევროპული დემოკრატიის ფარს“ უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ; სოფლის მეურნეობის გეგმას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის; ქალთა უფლებების საგზაო რუკას და სხვა.

კომისიის პრეზიდენტი იმეორებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ: „არავის სურს მშვიდობა უფრო მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს… სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. ევროპა კი უკრაინის გვერდით დადგება, რამდენ ხანსაც მას დასჭირდება“, — განაცხადა მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ გააკეთეს თავისუფალი არჩევანი.

„მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად. მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად. და ზოგიერთი მათგანი ძვირად იხდის ამ არჩევანისთვის. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება. მათი მომავალი იქნება თავისუფალი და აყვავებული ჩვენი კავშირის შიგნით“, — თქვა ფონ დერ ლაიენმა.


გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია. ის 2019 წლიდან იკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს. ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობა დაემთხვა არაერთ კრიზისს, მათ შორის, COVID-19 პანდემიასა და რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში. ამ უკანასკნელმა ბიძგი მისცა ევროკავშირის გაფართოების პროცესს და ბლოკმა მხარი გაუჭრია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასა და მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

„ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ახლო მოკავშირე, ფონ დერ ლაიენი შეიძლება ჩაითვალოს კომისიის ყველაზე ძლიერ ხელმძღვანელად ევროპული პოლიტიკის გიგანტის, ჟაკ დელორის შემდეგ“, — წერს Politico ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი