რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერში მიიტანა, რასაც ქვეყნის მასშტაბით 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, კიევში რუსული ჭურვები დაეცა ბავშვთა საავადმყოფოს, რასაც, კიევის მერის განცხადებით, მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ კიევში დღისით განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის აღმოსავლეთ მდებარე ქალაქ პოკროვსკში, ერთი კი დნიპროში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დაბომბვისას პოლონეთში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, განაცხადა, რომ რუსეთი პასუხს აგებს მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილი იერიშის გამო:
„სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ტიპის 40-მდე ჭურვი დაეცა საცხოვრებელ სახლებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა საავადმყოფოს. ახლა რიგითი ადამიანები და ექიმები ეხმარებიან მაშველებს ნანგრევების გაწმენდაში“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჭურვი საავადმყოფოს ონკოლოგიურ და რეანიმაციულ განყოფილებას დაეცა. როგორც BBC წერს, გავრცელებულ კადრებში ჩანს შენობიდან ევაკუირებული ბავშვები, რომლებსაც გადასხმის აპარატები უდგათ. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საავადმყოფოზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.