დღეს, 2 ივლისს, სამხედრო სწავლებისას თავდაცვის ძალების კუთვნილ საფრენი აპარატი სუ-25 ჩამოვარდა, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, კატასტროფა ბოლნისის სოფელ დისველთან მოხდა.
„2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.