საზოგადოება

ტატო ბაციკაძე და კალატოზი: პირველმა არხმა ევროპის ჩემპიონატიდან ჩაგვხსნა

2 ივლისი, 2024 •
ტატო ბაციკაძე და კალატოზი: პირველმა არხმა ევროპის ჩემპიონატიდან ჩაგვხსნა

სპორტული კომენტატორები, გიორგი კალატოზი და ტატო ბაციკაძე აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ევროპის ჩემპიონატიდან ვადაზე ადრე ჩახსნა.

ამის შესახებ ბაციკაძემ და კალატოზმა Youtube-ზე, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრეს. კომენტატორების თქმით,  გუშინ უნდა წაეყვანათ ევროპის ჩემპიონატზე გამართული პორტუგალია-სლოვენიის მატჩი. შეტყობინება კი შუადღეს, დაახლოებით 15-16 საათზე მიიღეს:

„პირველმა არხმა შეცვალა პოლიტიკა: ჩამოდიან [ჩვენი] კომენტატორებიც გერმანიიდან და ისინი წაიყვანენ  ამ ევროპის ჩემპიონატს. აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზეზია, მაგრამ წინაპირობებს ხომ გააჩნია. ჯერ ეს ერთი, ვისხედით მე და ტატო, პორტუგალიის თამაშზე უნდა ვყოფილიყავით და ხვალაც მიგვყავდა თამაშები“, — ამბობს გიორგი კალატოზი.

ტატო ბაციკაძე აღნიშნავს, რომ პირველ არხთან ერთთვიანი კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული და იცოდნენ, დაახლოებით რამდენ შეხვედრას უნდა გასძღოლოდნენ. ერთთვიანი კონტრაქტი იმას ნიშნავს, რომ მათ, სავარაუდოდ, ჩემპიონატის ბოლომდე უნდა ემუშავათ.

კომენტატორის თქმით, მათვე უნდა წაეყვანათ დღეს დაგეგმილი რუმინეთი-ნიდერლანდების შეხვედრაც:

„ხვალინდელ [2 ივლისის] თამაშზე არ ვიცი, მაგრამ დღევანდელ [1 ივლისის] თამაშზე, როგორც ვიცი, გერმანიიდან კომენტატორები ჩამოსულები არ იყვნენ“, — ამბობს ტატო ბაციკაძე გადაცემაში.

კომენტატორებმა არაოფიციალურად გაიგეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა ბაციკაძის მიერ რეპორტაჟის ბოლოს ხუმრობით ნათქვამი განცხადება ყოფილიყო, რომ მაყურებელს მათთვის „ევროპოპზე“ ეყურებინა:

„გერმანია-დანიის მატჩის შემდეგ ნიკა ლობილაძემ დაიწყო საუბარი, რომ ხვალ, 20:00 საათზე არის ეს თამაში, თამაშამდე რაღაც გადაცემაო, მერე თამაშიო, მერე გადაცემაო… მთლიანად ბადე ჩამოთვალა და ვიხუმრე, საქართველოს ნაკრების თამაშის შემდეგ გვიყურეთ ევროპოპზე-მეთქი, ხუმრობით ვთქვი, დავამატე, ბარემ მეც დავარეკლამებ ჩემს გადაცემას-მეთქი — მახსოვს, რომ ჩემი გადაცემა ვთქვი“, — ამბობს ტატო ბაციკაძე და დასძენს, რომ ასეც რომ ყოფილიყო, მისი სიტყვების გამო რატომ ჩახსნეს ევროპის ჩემპიონატიდან მეორე კომენტატორი კალატოზი?

ბაციკაძე და კალატოზი პირველ არხზე მათ კოლეგებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ევროპის ჩემპიონატის რეპორტაჟებზე მათი მიწვევა გია თვალაბეიშვილის იდეა იყო.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, საიდანაც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. თუ მაუწყებელი ამ საკითხზე კომენტარს გააკეთებს, ეს სტატია განახლდება.

ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი, სხვა იუტუბერებისა და სპორტული ჟურნალისტების მსგავსად, ღიად ეწინააღმდეგებოდნენ პარლამენტის მიერ მიღებულ რუსულ კანონს. ისინი აქციებშიც მონაწილეობდნენ.

რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სწორედ ტატო ბაციკაძე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და მას “პოლიტიკურად მოტივირებული” კომენტატორი უწოდა. საუბარია ხელისუფლების ინიციატივაზე, ვაზიანში ააშენოს 70 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი საფეხბურთო სტადიონი. ბაციკაძემ განაცხადა, რომ ზოგადად ახალი სტადიონი ცუდი არ არის, თუმცა კითხვები აქვს, არის თუ არა ეს საჭირო, როცა თბილისში ისედაც არსებობს დინამო არენა და მესხის სტადიონი, ამ დროს კი რეგიონში არსებული სტადიონების ნაწილი ინფრასტრუქტურულად ცუდ მდგომარეობაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი