საზოგადოება

დისკრიმინაცია, სექსიზმი, ტრანსფობია – უფლებადამცველები გადაცემა “ნიჭიერს” აკრიტიკებენ

3 ნოემბერი, 2015 • • 2663
დისკრიმინაცია, სექსიზმი, ტრანსფობია – უფლებადამცველები გადაცემა “ნიჭიერს” აკრიტიკებენ

“ნიჭიერის” ერთ-ერთი კონკურსანტის ჟანა წითულაურის ნომრის ეთერში გაშვების შემდეგ ფეისბუკში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მარიამ შოშიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ჟანა გადაცემაში მოტყუებით მიიყვანეს. როგორც პოსტის ავტორი წერს, ჟანა წითულაურს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რითაც გადაცემის პროდიუსერებმა ისარგებლეს.

 

 

“ნეტგაზეთი” დღეს შეეცადა ტელეფონით დაკავშირებოდა გადაცემის პროდიუსერს გიორგი ხაბურზანიასა და ჟიურის წევრს და იმავდროულად არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

 

მოგვიანებით ნიკა გვარამია ამ საკითხს ფეისბუკში გამოეხმაურა:

 

“ნიჭიერს” აკრიტიკებს ხალხი, რომელემაც ასე, საკუთარი ინიციატივით, ჯანმრთელი ადამიანი გიჟად გამოაცხადა მხოლოდ იმიტომ, რომ მოვიდა, სისულელეები ილაპარაკა, ცუდად იმღერა და წავიდა. საოცარი ამბავია იმ ხალხისგან, ვისაც პარლამენტში მეჭიაური, ჯაჭვლიანი და თოფაძე ყავს არჩეული. ეს არის სწორედ ლინჩის წესი და ბრბოს ფსიქოლოგია, რასაც ახლა თქვენ შვრებით, ძვირფასო პოზიორო პოლიტკორექტულო ინტელექტუალებო”.

 

ფეისბუკშივე გიორგი ხაბურზანიამ განმარტა: “ჟანა წითულაური რუსთავი 2-ში თავისით მოვიდა ნიჭიერის პრეკასტინგზე და თქვა, რომ მღეროდა და ასევე იყო დიზაინერი”.

 

არასამთავრობო ორგანზიაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ჟანა წითულაური არის შშმ პირი და საკუთარი სურვილით მონაწილეობდა შოუში, გადაცემის პროდიუსერებს უფლება არ ჰქონდათ მისთვის რაიმე სახის შეზღუდვა დაეწესებინათ. თუმცა, მისივე შეფასებით, ჟიურის უფრო მეტი კორექტულობა მოეთხოვებოდა:

 

“ეს [გადაცემაში მისი მონაწილეობა] არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის მრავალფეროვნების გამოხატულება. ჩემი აზრით, ტელევიზიას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეკავებინა თავი ამ ნომრის ჩვენებისაგან, თუ ეს მისი ნებასურვილით ხდებოდა. თუ ის უარს ეტყოდა ამ ადამიანს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის შესაძლოა ვინმეს მხრიდან დაცინვის საგანი გამხდარიყო, ეს იქნებოდა პირიქით, დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეს იქნებოდა ე.წ. ზემზრუნველობა, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით მისთვის რა სჯობს – ეს არის მიუღებელი,” – ამბობს ანა აბაშიძე.

 

მისივე თქმით, ჟიურის წევრებს ეთიკის ნორმების დაცვა მოეთხოვებათ და ისინი თავად არ უნდა ხდებოდნენ მონაწილის დაცინვის ინიციატორები:

 

“ხალხისგან განსხვავებით იქ ჟიური სპეციალურადაა შერჩეული. ჟიურის აქვს მინიმუმ ეთიკის შემბოჭავი ნორმები, რომლითაც მან უნდა შებოჭოს თავისი საქციელი. ის, რომ ჟიური იცინის, გარკვეულ დამამცირებელ კომენტარებს აკეთებს, ეს კრიტიკას უბრალოდ ვერ უძლებს. ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ეს გოგონა თვითონ მივიდა იქ, თუ ვინმემ მიიყვანა, ჟიურის გააჩნია ვალდებულება დაიცვას ეთიკის ნორმები”.

 

აბაშიძის განცხადებით, ჟიურის ჰქონდა შანსი სწორად შერჩეული რეპლიკებით, შშმ პირების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებები შეესუსტებინა:

 

“თუ დარბაზი დასცინებდა, ჟიურის ჰქონდა საუკეთესო როლი და ზუსტი დრო, რომ კონკრეტული მოწოდებები გაეკეთებინა დარბაზის მიმართ და ამით უფრო მეტიც, სტერეოტიპული და დამამცირებელი დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ შეესუსტებინა. ჟიურის ჰქონდა შანსი დადებითად ემოქმედა, რაც არ გააკეთეს, სამწუხაროდ,” – ამბობს ანა აბაშიძე.

 

შეზღუდული შშმ პირთა ორგანიზაციის – “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წარმომადგენელი ნინო ბაიდაური, ასევე, უარყოფითად აფასებს ჟანასთან დაკავშირებით გადაცემის ავტორებისა და ჟიურის დამოკიდებულებას:

 

“როცა ერთ გადაცემაში, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის წამყვანად მიწვევით იწერ ქულებს [საუბარია, “X ფაქტორის” წინა სეზონის თანაწამყვანზე გიგო შიუკაშვილზე – ავტ.], რამაც მეც ძალიან აღმაფრთოვანა შარშან, მაგრამ მეორე წელს ასეთ რამეს აკეთებ, ეს ისეთი დისონანსია, რომ მაფიქრებინებს, მართლა მხოლოდ ქულების დასაწერად და რაღაც „თავსმოხვეული პოლიტკორექტულობის“ დასაკმაყოფილებლად გააკეთეს ეს,” – აცხადებს ნინო ბაიდაური.

 

ბაიდაურის აზრით, ტელევიზია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი ცნობიერების შესაცვლელად და მსგავს ძალაუფლებას მეტი პასუხისმგებლობაც სდევს თან:

 

“ტელევიზია არ უნდა ახალისებდეს დისკრიმინაციას და ბულინგს, პირიქით, ხელს უნდა უწყობდეს მის შემცირებას”.  

 

დღეს ჟანა წითულაურთან დაკავშირებულ საკითხს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა “ნიჭიერის” გუნდი:

 

“როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა ნიჭიერში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრექასთინგზე.

 

უფრო დეტალურად: ნიჭიერის პრექასთინგების დროს ის სავარაუდოდ იმყოფებოდა რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრედ და იქიდან გამოსულმა გაიგო ნიჭიერის პრექასთინგის შესახებ, ჰკითხა დაცვას, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი, სადაც ტარდებოდა პრექასთინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.

 

პრექასთინგზე მოსულმა განაცხადა, რომ არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით გამოვიდა ნიჭიერში, როგორც მომღერალი. რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში”.

 

 

კიდევ ერთი ნომერი, რის გამოც “ნიჭიერი” საზოგადოების ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა, იყო მამაკაცის  მიერ ქალის ტანსაცმლით შესრულებული აღმოსავლური ცეკვა. ჟიურის წევრების შეფასებებში უფლებადამცველებმა ტრანსფობიური კონტექსტი ამოიკითეს:

 

“აქცენტი გაკეთდა ადამიანის გენდერულ იდენტობაზე, მის სექსუალურ ორიენტაციაზე დამაკნინებელ კონტექსტში. არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა ჟიურის მხრიდან ამაზე ხაზგასმა. იქ იყო ჟიური იმისათვის, რომ შეაფასოს ადამიანის ნიჭიერება იმ კონკრეტულ შემთხვევაში,” – განმარტავს ანა აბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

 

“ნიჭიერის” წლევანდელი სეზონის პირველი გადაცემის კიდევ ერთი ნომრის გამო ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს ფემინისტებმა. საუბარია მოცეკვავე ევა შიანოვას ნომერზე, რომლის შესრულების შემდეგ ჟიურის მხრიდან გაკეთებული შეფასებები და დარბაზის რეაქცია სექსისტურად მიაჩნიეს ქალის უფლებების დამცველებმა.  

 

მაგალითად, ფეისბუკში ნიკა გვარამიას კედელზე გაჩაღებულ დისკუსიაში ბაია პატარაიამ, კავშირ საფარის ხელმძღვანელმა დაწერა: “ევაზე დორბლების ყრაც ქაჯობის გარდა სექსიზმია და ტრანსგენდერებზე “შუტკებიც” ცალსახად ტრანსფობიური იყო”. ხოლო რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ასეთი პასუხი გასცა: “ბაია, თქვენ ზოგადად “შუტკებს” არ ცნობთ და ყველაფერში ფობიას კითხულობთ. ეგ ცნობილი ფაქტია და მაგაზე ვერ შევთანხმდებით”.

გადაცემა “ნიჭიერის” მეექსვე სეზონის პირველი გადაცემა ეთერში 2 ნომბერს გავიდა. წელს ჟიურის წევრები არიან “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობები- ია ფარულავა და რუსკა მაყაშვილი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და რეჟისორი ლევან წულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი