საზოგადოება

„ივანიშვილს არავინ ჰყავს გარშემო, ვინც ეტყვის, რომ სულელური იდეები მოსდის“ — ლინკოლნ მიტჩელი

21 ივნისი, 2024 •
„ივანიშვილს არავინ ჰყავს გარშემო, ვინც ეტყვის, რომ სულელური იდეები მოსდის“ — ლინკოლნ მიტჩელი

“მოუვა თავში რაღაც იდეა ბიძინა ივანიშვილს და გაახმიანებს. გარს აკრავს ხალხი, რომელთა მთავარი მიზანი ცხოვრებაში არის ის, რომ ივანიშვილთან ახლოს იყვნენ — ახლოს ძალაუფლებასთან, რომელიც სხვა არაფერია ამ შემთხვევაში, თუ არა ფული. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს არავინ ეტყვის, „მისმინე, სულელურია ეგ შენი იდეა“. მაშინაც კი, როცა ეს იდეა ნამდვილად სულელურია.”

ეს ლინკოლნ მიტჩელის სიტყვებია, პოლიტიკური მიმომხილველის, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის და ამასთან, 2012 წლის არჩევნების პერიოდში ივანიშვილის მრჩევლის. ეს სიტყვები მან დღეს წარმოთქვა ჰელსინკის კომისიაში, სადაც რუსული ყაიდის კანონებს უცხოური აგენტების შესახებ ბრიფინგი მიეძღვნა.

ბრიფინგზე განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე გაკეთდა. მომხსენებლები, ლინკოლნ მიტჩელის გარდა, იყვნენ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი იასმინ კამერონი და „სლოვაკეთის მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა.

რატომ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამ “ავტორიტარულ მექანიზმს”, როგორიცაა რუსული კანონი, ამ თემაზე და საქართველოსთან დაკავშირებით ლინკოლნ მიტჩელმა ისაუბრა.

არსებობს ვარაუდი, რომ დირექტივა [რუსული კანონის მიღებაზე] მოსკოვიდან მოდის. მაგალითად, თითქოს პუტინი იღებს ტელეფონს, ურეკავს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავარ პირს, და ეუბნება: „ასე და ასე უნდა გავაკეთოთ“.

ამ დროს ფონად უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის იდენტური კანონის მიღება სცადა საქართველოს მთავრობამ გასულ წელს, რასაც დიდი დემონსტრაციები მოჰყვა და მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია. წელს ეს ისევ გააკეთეს. რატომ?“ — სვამს კითხვას მიტჩელი.

პოლიტიკური მიმომხილველი თვლის, რომ მთავარი საკითხი ის არ არის, ნამდვილად რუსეთისგან მოდიოდა ბრძანება თუ არა. მთავარი ის შედეგია, რომ საქართველოში მსგავსი კანონის მღება რუსული ინტერესია და რუსეთისთვისაა სახარბიელო.

“სათანადოდ ვერ აფასებენ ამერიკაშიც და ევროპაშიც იმ მასშტაბს, რა მასშტაბითაც საქართველოს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ფლობს არაფორმალურ ძალაუფლებას საქართველოს მთავრობაში, მის ახირებებს. მაგრამ სწორედ ასე მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი: მოუვა თავში რაღაც იდეა და გაახმიანებს. გარს აკრავს ხალხი, რომელთა მთავარი მიზანი ცხოვრებაში არის ის, რომ ივანიშვილთან ახლოს იყვნენ, ახლოს ძალაუფლებასთან, რომელიც სხვა არაფერია ამ შემთხვევაში, თუ არა ფული. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს არავინ ეტყვის, „მისმინე, სულელურია ეს შენი იდეა“. მაშინაც კი, როცა ეს იდეა ნამდვილად სულელურია.

როცა ამაზე ველაპარაკები, იმავეს მიდასტურებენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა აღარ არიან, მაგრამ მთავრობის წევრები იყვნენ, დაახლოებულები ივანიშვილთან. ასე მუშაობს პოლიტიკა და ძალაუფლება საქართველოში.

ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, ნამდვილად რუსეთმა მოითხოვა თუ არა ამ კანონის მიღება. შედეგი არის ცხადი – ეს [რუსული კანონის მიღება] რუსეთისთვის არის კარგი. ცუდია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, — ამბობს მიტჩელი.

პოლიტიკური მიმომხილველი ეხმიანება იმ არგუმენტსაც, რომ რუსული კანონი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისგან არის მხარდაჭერილი და საკითხს, რატომ მიიღო საქართველომ ახლა რუსული კანონი, მომავალი არჩევნების კონტექსტში უბრუნდება.

“ოქტომბერში არჩევნები იქნება. ერთი რამ მაბნევს. დაახლოებით ერთი წლის წინ ფაქტობრივად კონსენსუსი ყალიბდებოდა დასავლეთში, რომ „ქართული ოცნება“ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა. ეს წარმოდგენა, ისევე, როგორც ბევრი სხვა წარმოდგენა საქართველოზე, იყო სრული ნონსენსი. „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში ცალსახა გამარჯვება ელოდა ბოლოდროინდელ მოვლენებამდე, სანამ განმეორებით წარადგენდა ამ კანონს.

ამიტომ ისმის კითხვა, რატომ უნდა გაიხადო საქმე არჩევნების მოსაპარად, როცა არჩევნების მოგება ისედაც შეგიძლია? ეს არის გამოცანა და მე არ მაქვს პასუხი. ერთი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს გადაუხვიოს თავისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან“, — ამბობს ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ბრიფინგზე.

ბრიფინგზე მიტჩელი შეეხო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და გამჭვირვალობასაც. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის ფინანსები საქართველოში ისედაც გამჭვირვალეა და მათი საქმიანობა, რაშიც ფინანსდებიან, ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს ემთხვევა – ევროკავშირისკენ სვლას.

“საქართველო ერთპარტიულად იმართება დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ეს ერთი პარტია ახლა „ქართული ოცნებაა“, მანამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, კიდევ უფრო მანამდე- „მოქალაქეთა კავშირი“, მანამდე- გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა“. მთელი ამ დროის მანძილზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ასრულებდნენ უმნიშვნელოვანეს როლს, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული ყოფილიყო”, – აღნიშნა მიტჩელმა.


ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ რუსული ყაიდის უცხოური აგენტების შესახებ კანონების მიღება ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და არჩევნების დამკვირვებლების მზარდი რეპრესიების გარემოში და ხშირად არის მიმართული აშშ-ისა და ევროპის მხრიდან მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

„2012 წელს რუსეთმა პირველად მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც კვლავ და კვლავ გამოიყენება მთავრობის მიერ დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის დევნისთვის.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსული ყაიდის კანონი გამრავლდა და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, რასაც ამართლებდნენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებით. რეალურად კი ამის დანიშნულება სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა.

თვეების განმავლობაში ვადევნებდით თვალს პროტესტს საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული“ ,— თქვა ბრიფინგის შესავალ სიტყვაში ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელმა.

ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ სიცრუეა ამ კანონების მიმღები მთავრობების პირიდან ნათქვამი, თითქოს მათი კანონები ჰგავს გამჭვირვალობის ან ლობირების კანონებს შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო ვილსონი, ამავდროულად, არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი — „ოცნების“ წარმომადგენელთა სანქცირებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი