აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე.

მილერის თანახმად, საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე, რომელთა შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.

მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.

მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის პირველი ტრანში. მისი თქმით, სავიზო სანქციები უწესდებათ სიაში მოხვედრილების ოჯახის წევრებსაც.

მილერის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, აშშ საჯაროდ არ დაასახელებს მათ ვინაობას, ვისაც ეს შეზღუდვები შეეხება, თუმცა, თუ ისინი ამერიკაში წასვლას გადაწყვეტენ, ამის შესახებ აღმოაჩენენ, როდესაც ვიზას მოითხოვენ, ხოლო ისინი, ვისაც უკვე აქვთ ვიზა, მიიღებენ შეტყობინებას მისი ანულირების შესახებ.

მეთიუ მილერის თქმით, ეს არის აშშ-ის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და მას სხვებიც მოჰყვება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს კურსს, რომელიც თბილისს ევროატლანტიკური სივრცისაგან აშორებს.

“ჯერ კიდევ არის დრო საქართველოს მთავრობისთვის, რომ შეატრიალოს ის ტრაექტორია, რომელსაც ამჟამად მიჰყვება”, – განაცხადა მილერმა და დასძინა, რომ ამაში იგულისხმება როგორც რუსული კანონი, ასევე “ოცნების” ლიდერების რიტორიკა, [ევროატლანტიკური] გზიდან გადახვევა და ა.შ.

მასალა განახლდება