აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ მეთიუ მილერის თქმით, საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის განცხადება არ არის მხოლოდ რიტორიკა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
„ეს ეხება დახმარების ოდენობას, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს — დაახლოებით 390 მილიონი აშშ დოლარი დაიგეგმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც განხილვის პროცესშია. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შესახებ, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. ახლა ვსწავლობთ, როდის და როგორ განვახორციელოთ. ასე რომ, ჩვენგან მეტს მოისმენთ ამ საკითხზე“, — განაცხადა მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის შესახებ იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც თანამონაწილენი და პასუხისმგებელი არიან საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე.
ბლინკენმა ასევე დააანონსა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა.