ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
ამის შესახებ ლანდსბერგისმა განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრიდან, ისაა, რომ შეიძლება მოხდეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საჯარო განახლება. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს [გადაწყვეტილებაში]. იმედი მაქვს, იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირისგან, რომ თუ კანონი საბოლოო ვერსიით იქნა მიღებული, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას. შესაძლოა იყოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე, რომელიც საქართველოს პირობით მიენიჭა — და პირობები არ არის დაკმაყოფილებული. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის“, — განაცხადა ლანდსბერგისმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ასეთი გადაწყვეტილება [პროცედურულად], ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ „პოლიტიკურად კი“.
„რადგან ეს პოლიტიკური კონცეფციაა, არა? ასე რომ ,შეიძლება, [კანდიდატის სტატუსი] შეჩერდეს“, — განაცხადა ლანდსბერგისმა.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში არსებული სიტუაციის პირველი შეფასება მინისტრების დონეზე.
აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა გადადის ევროპული გზიდან — ბორელი