საზოგადოება

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები

13 მაისი, 2024 •
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს მოუწოდებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება აქციის მონაწილეებს “საპოლიციო ძალებით” ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ არც ამ დროისთვის და არც მთელი აქციის განმავლობაში დემონსტრანტებს პარლამენტის არცერთი შესასვლელის დაკავება არ უცდიათ. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც.

განახლება: განცხადების გავრცელებიდან დაახლოებით ნახევარ საათში პარლამენტის შესასვლელი ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სრულად დაიკავეს სამართალდამცველებმა. პოლიციამ მოქალაქეები ამ ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა.

“აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდ საათზე მეტხანს, აბსოლუტურად მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობდა. დაახლოებით დილის 05:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე მობილიზება დაიწყო სპეცდანიშნულების რაზმმა და სპეცტექნიკამ.

რამდენიმე საათში, 09:00 საათზე უნდა დაიწყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მიღება 14 მაისს აქვს დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი