საზოგადოება

„ოცნებას” არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას — მედია

8 აპრილი, 2024 •
„ოცნებას” არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას — მედია

ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ნაწილი გმობს „ქართული ოცნების“ გეგმას, პარლამენტში „რუსული კანონის“ განხილვა განაახლოს და აცხადებენ, რომ არ მისცემენ კანონის მიღების საშუალებას.

მედიასაშუალებების განცხადებით, ეს არის „ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი.

„რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემაგოგიით“, — ნათქვამია განცხადებაში.

მედიასაშუალებების თქმით, ამ კანონს სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში — რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა.

„ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ! „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგვინოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

მედიასაშუალებები ხაზს უსვამენ, რომ წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ვებ-გვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო იქცნენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ.

„წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი იდეალებისთვის, ჩვენი საყვარელი პროფესიისთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენი საყვარელი და ერთადერთი სამშობლოსთვის. ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი“, — ნათქვამია განცხადებაში.

მედიასაშუალებები აღნიშნავენ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთაც უკვე მეორედ გამოხატეს თავიანთი მკვეთრად უარყოფითი აზრი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.

„არ მივცემთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს. გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • სტუდია მონიტორი
  • რადიო მარნეული
  • საქართველოს ამბები/მთის ამბები
  • ქუთაისიპოსტი
  • ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge
  • პუბლიკა
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი”
  • ალიქ მედია ჯორჯია
  • გურია ნიუსი
  • ნეტგაზეთი
  • ბათუმელები
  • სტუდია რეკ
  • ufleba.ge
  • სამხრეთის კარიბჭე – sknews.ge
  • On.ge
  • მედია აპრილი
  • კახეთის ხმა – knews.ge
  • Psnews.ge
  • ჩემი ხარაგაული
  • Newpress.ge
  • რადიო „ათინათი”
  • ინდიგო

მასალების გადაბეჭდვის წესი