საზოგადოება

საქართველო—საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება

22 მარტი, 2024 • 2109
საქართველო—საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება

ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეიოფის ფინალის ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე ხვალ, 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს თბილისში, დინამო არენაზე დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი იქნება 10, 20, 30 და 50 ლარი:

„ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია – ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია)“, — აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

სწორედ 26 მარტის თამაში იქნება გადამწყვეტი, იასპარეზებს თუ არა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი