საზოგადოება

აფეთქებამ თბილისში 9-სართულიანი კორპუსი დააზიანა, მსხვერპლი არ არის

14 მარტი, 2024 •
აფეთქებამ თბილისში 9-სართულიანი კორპუსი დააზიანა, მსხვერპლი არ არის

გვიან ღამით თბილისში ძლიერმა აფეტქებამ სამტრედიის ქუჩაზე 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არც არავინ დაშავებულა და არ დაღუპულა, თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად ევაკუირებულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მრავალბინიან სახლში 93 ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი სასტუმროებში მოათავსეს, ნაწილი კი — ახლობლებთან.

„კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ“, — აცხადებს თბილისის მერია.

როგორც აფეთქებული კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, ნინო ბექიშვილი ფეისბუკზე წერს, აფეთქება შუაღამისას, დაახლოებით 3 საათზე მოხდა.

„სახლი აფეთქდა — გვერდით სადარბაზოს პირველი ორი სართული სრულად გამონგრეულია. ჩვენთან, მეცხრე სართულზე, მხოლოდ შუშებია ჩამსხვრეული. სასწაულია, რომ ასეთ საშინელ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამაზე ფიქრი რაღაცნაირად მიმსუბუქებს სტრესს და შიშს.

კომერციული ფართია პირველ სართულზე, სადაც მიმდინარეობდა რემონტი. რა მოხდა, რამ გამოიწვია ასეთი ძლიერი აფეთქება, ჯერ არ ვიცით. დანამდვილებით არც ის, რა მოელის ჩვენს კორპუსს“, — წერს ბექიშვილი, რომელიც დროებით ოჯახის სხვა წევრის სახლს აფარებს თავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი