საზოგადოება

კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის განხილვა ინტერნეტში

21 სექტემბერი, 2010 • 2104
კონსტიტუციის  ცვლილებების პროექტის განხილვა ინტერნეტში

”უპირველეს ყოვლისა, როდესაც ტექსტს კითხულობ აზრი ვერ გამოგაქვს, რადგან არ არის სასვენი ნიშნები გამოყენებული და წინადადებები არაერთგვაროვნად იკითხება” – ეს ერთ-ერთი ინტერნეტის მომხმარებლის კომენტარია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. ნეტგაზეთი დაინტერესდა როგორ განიხილავდნენ პროექტს ინტერნეტში და რა მასშტაბები ჰქონდა ონლაინ დისკუსიას ამ თემაზე.

ზემოთმოყვანილი კომენტარი ინტერნეტის მომხმარებელმა  პარლამენტის ვებ გვერდზე  დაპოსტა.  კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვების კომისიის შეხვედრების გარდა, მოქალაქეებს თავიანთი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, საგანგებოდ ამ თემისთვის გახსნილ სადისკუსიო გვერდზე ჰქონდათ.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამამ დააფინანსა.

მოქალაქეებს აქ შეეძლოთ თავისი აზრი გამოეთქვათ კომენტარების სექციაში, თუმცა ამას კითხვა-პასუხის ფორმა არ ჰქონია. მოქალაქეებს არავინ გამოხმაურებია. ამავე გვერდზე თავსდებოდა ექსპერტების მოსაზრებები, თუმცა  კომენტარები იმგვარად არის გამოქვეყნებული, რომ მოქალაქეებს ამ მოსაზრებების იქვე (სტატიის ქვემოთვე) განხილვა არ შეეძლოთ, რადგან კომენტარების ფუნქცია არ ქონდა.

კომენტარების ცალკე ველში 20-მდე მომხმარებელი პოსტავდა, ძირითადად, სტუდენტის, საჯარო მოხელის, აკადემიური სფეროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის სტატუსით.

ზოგიერთი მომხმარებელი საკმაოდ დაწვრილებით და ვრცლად განიხილავს კონსტიტუციას და შენიშვნებს აკეთებს.  ძირითადი შენიშვნები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობებზე, პარლამენტის შემადგენლობაზე, ვადებზე, კონსტიტუციის ენობრივ გაუმართავობაზე აქვთ. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ციტატა.

ციტატები კომენტარებიდან:

,,ირაკლი  25 აგვ 2010, 17:37

•          წარმოუდგენლად და ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, ფაქტობრივად მოსამართლედ გამწესებულ პიროვნებას სახელმწიფო ფეოდალად აქცევს და დაუსჯელობის განცდას აკარგვინებს.

•          საქართველოს პირობებში და ჩვენი ზნის ადამიანებში მოსამართლის უვადოდ გამწესება დანაშაულია ერისა და ქვენის, მომავალი თაობების წინშე.

•          არაფერი არ არის ნათქვამი ეროვნულ ინტერესებზე- ქვეყნისა და ქართველი ერის ეროვნულ თვითმყოფადობაზე.

•          არ არის ქვეყნის სახელმფიფოებრივ- ტერიტორიულ მოწყობაზე გამოხატული არავითარი სულისკვეთება და სამომავლო სამართლებრივი ხედვა.”

,,მარიამ სამხარაძე  11 სექტ 2010, 13:26

სტუდენტი

ჩემი აზრით, პრეზიდენტი არ უნდა ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას და არჩევის შემდეგ უნდა ტოვებდეს პარტიას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა განსაზღვრავდეს პარტიის სიძლიერეს, და კარგი პრეზიდენტი სულაც არ ნიშნავს ძლიერ პარტიას. ამას გარდა, ხალხი არ უნდა შეყავდეთ შცდომაში.”

,,გიორგი მაღრაძე  10 სექტ 2010, 12:02  

სტუდენტი

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს როგორც ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობებში არ უნდა ჭირდებოდეს მთავრობის წინასწარი თანხმობა მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულებების დადებისათვის, თუმცა მთავრობამ უნდა იცოდეს თუ რაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და რა ხელშეკრულებას აწერს ხელს სახელმწიფოს მეთაური, რადგან ამ ხელშეკრულების აღსრულება სწორედ მისი ფუნქციაა. საგარეო ურთიერთობათა ამ კონკრეტულ ნაწილში პრეზიდენტის გამაწონასწორებელი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი რადგან ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად აუცილებელია მისი რატიფიცირება პარლამენტის მიერ და ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.”

,,ოთარ შენგელია  16 აგვ 2010, 17:59 აკადემიური სფერო

არ ვიცი, თუ რამდენად აქვს აზრი კომენტარს. ვინმე გაეცნობა, ან დაფიქრდება ამ კომეტარებზე?

ტელევიზიით მრავალი კომენტარი მოვისმინეთ, განსაკუთრებით თვით კომისიის წევრებისგან, თუ როგორ აღფრთოვადნენ უცხოელი ესქსპერტები და როგორი ,,ევროპული,, დონის კონსტიტუციაა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე, უფრო ქართულ რეალობაზე უნდა ვიფიქროთ და ქვეყნის და საზოგადოების განვითარების შესაბამისი კონსტიტუცია მივიღოთ, როგორც ეს მრავალ ქვეყანაში თავის დროზე მოხდა. რა, გვაქვს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა! საერთოდ ქვის ხანის(ან უკეთეს შემთხვევაში-ფეოდალურის) დონეზეა ყველა სფერო და აზროვნება.

ამიტომ, ურიგო არ იქნებოდა, მაგალითად პრეზიდენტის ვადა მხოლოდ ერთხელ(4 წლით) არჩევის უფლებით გაგვესაზღვრა.” 

გარდა ოფიციალური კომენტარების საიტისა, ნეტგაზეთი შეეცადა მოეძებნა  კიდევ რომელ საიტზე განიხილებოდა კონსტიტუციის პროექტი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე აქტიურად  საკონსტიტუციო ცვლილებებზე  თბილისის ფორუმზე მსჯელობდნენ,  ხოლო პოლიტიკურ ფორუმზე    ბოლო 60 დღის განმავლობაში არც ერთი თემა არ გახსნილა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის შესახებ. 

www.forum.ge–ზე  სამი თემაა გახსნილი ამ საკითხის გარშემო.

 6 გვერდიან თემაში სახელწოდებით ,,რატომ იცვლება კონსტიტუცია” ჩატარებულია გამოკითხვა.  გამოკითხვაში 140-მა ადამიანმა მისცა ხმა და შედეგები ასეთია:

70% მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია იცვლება სააკაშვილის ხელისუფლების გასაგრძელებლად;  21% ფიქრობს, რომ დემოკრატიის გასამყარებლად, ხოლო 9%-მა არ იცის, რატომ იცვლება.

ფორუმზე წევრთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, ძირითადად, ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების  პრემიერ-მინისტრზე გადაცემას, რაც სააკაშვილს მისცემს საშუალებას, რეალური მმართველობა მის ხელში იყოს. კომენტარებიც შესაბამისია.

 kodeqsi 14 Sep 2010, 02:57  #21581345    

,,ამას კიდევ კითხვა უნდა? ისედაც მიშსაარჩევნო კოდექსი და მიშსაასპარეზო გარემო მთლად მიშსაარჩევნო მიშკოდექსად და მიშსაასპარეზო მიშგარემოდ რომ იქცნენ!… “ 

miamiti 14 Sep 2010, 10:19  #21582385     

,,სააკაშვილის ხელისუფლების გასახანგრძლივებლად. რომ არა ვადის დამთავრება 1000 წელი მისი შეცვლა კაცს არ გაახსენდება,ისე ესეთი გამოკითხვები ადამიანის ზოგის გონებრივი და ზოგის მოქალაქეობრივი ზნეობის გამოცდაცაა. “

უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმის წევრები ისე დეტალურად არ განიხილავენ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, როგორც პარლამენტის ოფიციალურ საიტზე. ძირითადად, აკრიტიკებენ ახალი კონსტიტუციის პროექტს. ზოგჯერ არგუმენტებით, ზოგჯერ უარგუმენტოდ. მომხმარებლები აქაც, ძირითადად, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გაზრდას და სააკაშვილის გაპრემიერებას ვარაუდობენ.

მეორე თემა ,,კონსტიტუციის კანონის პროექტის განხილვა “   11 გვერდიანია.

პირველივე ციტატა, ერთ-ერთი წევრის პოსტიდან:

შაქროII 11 Aug 2010, 19:22  #21079851     

,,მერე იტყვიან კონსტ. პროექტს “დაჟე” ინტერნეტ ფორუმებზეც განიხილავდნენ. იყო შენიშვნები მაგრამ ძირითადად მოწონება დაიმსახურაო  ”

აქაც ფიქრობენ, რომ სააკაშვილი პრემიერობას გეგმავს:

erfiro 11 Aug 2010, 21:21  #21081106    

,,ე.ი. ვიღებთ კონსტიტუციას რომელზეც ტვინს ასხამდა მთელი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც ევროპაში ერთერთი საუკეთესო იქნება და რა????

და თუ მიშას ჰგონია რომ პუტინივით პრემიერობას გამოჰკრავს ხელს – ძალიან ცდება!  მაგას ისევ ვითომ თავისიანები შეჭამენ – ტოტიასავით და ხელსაც მას შეაწმინდავენ!” 

 მესამე,  3 გვერდიანი თემაა ფორუმზე სახელწოდებით   ” ახალი კონსტიტუცია ,,დაალაგებს” სიტუაციას?” 

ფორუმის წევრები ამ თემაში შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ კონსტიტუცია ვერ დაალაგებს სიტუაციას.

mdogvi 13 Sep 2010, 15:51  #21571217   

,,ნელ-ნელა მთავარ სათქმელს ვუახლოვდებით:

მთავარი არსებული კონსტიტუციის დაცვის მექნიზმების და გარანტიების არსებობაა.

თუ ეს არ არსებობს- ,,ოქროს” კონსტიტუციაც რომ დაიწეროს- არ იმუშავებს. “

”იქნებ ახალი კონსტიტუციის შესახებ მოგვაწოდო ინფორმაცია?” – თხოვს სოციალურ ქსელ facebook-ზე ”ახალი კონსტიტუციის” ნიკით დარეგისტრირებულ მომხმარებელს ერთ-ერთი მეგობარი. პასუხი დღემდე არ არის. ამ მომხმარებელს ფეისბუქზე მხოლოდ 40 მეგობარი ყავს და არც ერთი მეგობარი.

ამ თემაზე ფეისბუქზე გვერდი (page) არ შექმნილა. თუმცა სხვადასხვა მომხმარებლების გვერდებზე მცირე დისკუსიებს იპოვით. განსაკუთრებით ეს სხვადასხვა გამოცემის, მაგალითად ჟურნალ ”ლიბერალის” გაზიარებულ სტატიებს მოყვება.

თსუ-ს სტუდენტურ ფორუმზე პოლიტიკის განყოფილებაში გახსნილ თემას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხოლოდ 12 გამოხმაურება აქვს და არც ერთი მათგანი რეალურად არ ეხება ახალ კონსტიტუციას ანუ როგორც მოდერატორები იტყვიან ,,წევრებმა თემას გადაუხვიეს”.

ჯერ კიდევ საჯარო განხილვების დაწყებამდე მიუძღვნა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს ონლაინ დისკუსია ნეტგაზეთმა. ”ონლაინ  დისკუსია 2 საათს გრძელდებოდა და ბატონი დემეტრაშვილი ძალიან ოპერატიულად პასუხობდა”, ამბობს დათო ყანჩაშვილი, რომელიც ამ დისკუსიის პროდიუსერი იყო.

მისი აზრით ვებ სივრცეში სხვა დისკუსიებისგან ამას ის გამოარჩევდა, რომ ნეტგაზეთის მომხმარებლებს შესაძლებლობა ქონდათ  არა მარტო დაესვათ შეკითხვები და გამოეთქვათ მოსაზრებები, არამედ პასუხებიც დაუყოვნებლივ მიეღოთ  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარისგან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი