საზოგადოება

მერია წერეთლის გამზირის ორ კვირაში დასრულებისთვის თითქმის 18 მილიონს იხდის

16 იანვარი, 2024 • 2603
მერია წერეთლის გამზირის ორ კვირაში დასრულებისთვის თითქმის 18 მილიონს იხდის

თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ  17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც 15 იანვრით თარიღდება, ნათქვამია, რომ სამუშაოების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

წერილში მერია აცხადებს, რომ ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად სამუშაოები არ მიმდინარეობდა და დაფიქსირებული იქნა ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე, ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც“.

კერძოდ, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არწარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ.

„დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე.

შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დეს“, ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპთან“ დადებული ხელშეკრულებები“ ,— ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომლითაც მერია შესყიდვის საჭიროებას ადასტურებს.

ამასთან, დედაქალაქის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან ობიექტზე შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით:

„გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას.

გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში და დასრულდეს ოპტიმალურ ვადაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების ზომები ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილებით მოსარგებლე პირებისთვის, ამასთან, არ გახდეს საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსები, მექანიკური დაზიანებებით მიღებული დეფექტების გამოსწორებაზე“ — აცხადებენ მერიაში.

გამარტივებული შესყიდვის განაცხადს თან ახლავს თბილისის მერის კახა კალაძის ბრძანება და იმ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეწყვეტის წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიებს, რომლებთანაც მერიამ კონტრაქტი გაწყვიტა, მერიის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთმევათ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მერიაში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პროცესები რეაბილიტაციის პროცესს არ შეაფერხებს და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში, მიმდინარე თვის ბოლომდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი