29 დეკემბრის ღამით და გამთენიისას რუსეთმა მორიგ ჯერზე დაბომბა უკრაინული ქალაქები.
ხარკოვი, ოლქის გუბერნატორის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, ათჯერ დაიბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, რვა ადამიანი კი დაიჭრა.
ლვოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი, დაშავდა რვა ადამიანი, განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ. მისივე თქმით, ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
დნიპროს მერი, ბორის ფილატოვიც ამბობს, რომ ქალაქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. რამდენი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა, ფილატოვს არ დაუკონკრეტებია.
მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად ოდესაში ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან სახლს, ხოლო დნიპროში – სავაჭრო ცენტრს. გარდა ამისა, დნიპროში აფეთქების შედეგად ჩაიმტვრა სამშობიაროს ფანჯრები.
დედაქალაქ კიევში დაზიანდა მეტროსადგური, რომელსაც მოსახლეობა ბომბებისგან თავის შესაფარებლად იყენებდა. გარდა ამისა, ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, არიან დაშავებულები, მათ შორის სამი ადამიანი ერთ-ერთი საწყობის ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს „ტერორისტების მასობრივი შეტევა“ და უკრაინას, რომლის ქალაქებიც კვლავ იბომბება, დახმარება სჭირდება.
„მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ მეტი მხარდაჭერა და ძალა გვჭირდება ამ ტერორის შესაჩერებლად“, – დაწერა მან.