საზოგადოება

მერიის პასუხი სოციალურად დაუცველ ოჯახებს

10 სექტემბერი, 2010 • 1364
მერიის პასუხი სოციალურად დაუცველ ოჯახებს

თბილისის მერიისათვის გაუგებარია კუპრავების ოჯახის პროტესტის მიზეზი, რადგან საცხოვრებლების პოტენციურ ბენეფიციართა ნუსხაში მათი გვარი დაფიქსირებულია,  საბოლოო სიები კი, თუ რომელი სოციალურად დაუცველი ოჯახები დაკმაყოფილდებიან თავშესაფრით, ჯერ უცნობია.

კუპრავების ოჯახმა 9 სექტემბერს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, დაიწყო აქცია. ისინი ამბობენ, რომ თავშესაფარს რუსეთს სთხოვენ.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, თამარ დვალი ,,ნეტგაზეთთან’’ საუბარში ამბობს, რომ მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელ  გია მამრიკაშვილისთვის გაუგებარია კუპრავების ოჯახის პროტესტი.

,,ჩვენ გარანტირებულად ვერავის ვერ ვეუბნებით, რომ თქვენ აუცილებლად მიიღებთ თავშესაფარს. ეს ადამიანები შესულები არიან იმ სოციალურად დაუცველ ოჯახთა სიაში, რომლებიც, სავარაუდოდ, უნდა შესახლდნენ „ – ამბობს დვალი.

თამარ დვალი განმარტავს, რომ გია მამრიკაშვილი ვერ უარყოფდა მათი გვარის საბოლოო ნუსხაში არსებობას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ეს სია დადგენილი არ არის.

,,იმას, რომ თქვენ შესახლდებით ან ვერ შესახლდებით ამ ბინაში, მერია ვერავის ეტყოდა, რადგან ამ გადაწყვეტილებას მერია დონორ ორგანიზაციებთან ერთად იღებს’’, – განმარტავს დვალი.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) პროექტის მეორე ეტაპის დასრულებას ოქტომბრის ბოლოსათვის ვარაუდობს. პროექტი ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში’’ 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს დააკმაყოფილებს თავშესაფრით. სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორის, თამარ წივწივაძის თქმით, თბილისში 1300 ოჯახია პოტენციურ ბენეფიციართა სიაში. ოჯახები სპეციალურმა ჯგუფებმა უკვე გადაამოწმეს, თუმცა მათი გაცხრილვა ჯერ არ მომხდარა.

იმისათვის, რომ ოჯახმა  მიიღოს თავშესაფარი, აუცილებელია იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაში, ჰქონდეს 57 000 დაბალი სარეიტინგო ქულა და იყოს თბილისის მკვიდრი 2000 წლიდან. თუ 1300 ოჯახიდან ამ კრიტერიუმებით შერჩეული სოციალურად დაუცველი ოჯახები 10–ზე მეტი აღმოჩნდა, წივწივაძე განმარტავს:

,,ჩვენ მერიასთან ერთად გვაქვს მოსაფიქრებელი, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ძალიან რთული იქნება 1300 ოჯახიდან ათის გამოყოფა, ამიტომ, უნდა მოვიფიქროთ, რა მეთოდს გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში’’.

იმის გამო, რომ ეს ოჯახები მეტ–ნაკლებად ყველა ერთმანეთს გავს, წივწივაძე ამბობს, რომ უფრო მკაცრი კრიტერიუმების შერჩევა დასჭირდებათ, თუმცა ჯერ უცნობია, გაჭირვებულთა შორის ვინ აღმოჩნდება უკიდურესად გაჭირვებული.

პროექტი ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში’’ უკვე მეორედ ხორციელდება თბილისის მერიის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. მეორე ეტაპზე პროექტში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი ჩაერთო, რისთვისაც ფინანსები ამერიკის მთავრობამ გამოყო.

პროექტი მიზნად ისახავს, თბილისში რეგისტრირებული და მაცხოვრებელი სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას.

,,სოციალური სახლების’’ ასაშენებლად შევიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC)  სამ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

საცხოვრებელი სახლი, რომელიც ვარკეთილში აშენდა, 24 ოჯახს დაიტევს, აქედან 14 დევნილი, ხოლო 10 სოციალურად დაუცველი იქნება. თბილისის გარდა, ,,სოციალური სახლი’’ საქართველოს ხუთ ქალაქში აშენდა, მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში.

პირველი მსგავსი პროექტი თბილისში 2008 წელს განხორციელდა. მაშინ ვარკეთილში  ოთხი ორსართულიანი სახლი აშენდა, სადაც ამჟამადაც  28 ოჯახი ცხოვრობს.

 

 

ამავე თემაზე:

ღია ცის ქვეშ რუსეთის იმედით

მასალების გადაბეჭდვის წესი