საზოგადოება

აპელაციის შედეგები ჩარიცხულთა სიებთან ერთად გამოქვეყნდება

23 აგვისტო, 2010 • • 2272
აპელაციის შედეგები ჩარიცხულთა სიებთან ერთად გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების გასაჩივრების შედეგების გამოქვეყნება  25 აგვისტომდე   გადაიდო.  ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი აბიტურიენტებს პასუხობდა, რომ შედეგები 20 აგვისტოს გახდებოდა ცნობილი, თუმცა თარიღმა 23 აგვისტომდე გადაიწია. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია გაბუნია ამბობს, რომ აპელაციის შედეგები,  საბოლოო სიებთან ერთად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.

აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადის შეტანა ერთიანი ეროვნული  გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ  9 –დან 14 აგვისტომდე  შეეძლოთ. გაბუნიას თქმით, შესული განცხადებების რაოდენობა 2000 აღწევს. ცენტრის დებულებით, აპელაციის შედეგები არაუგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.

,,თუ აბიტურიენტი გასაჩივრების შედეგებს არ დაეთანხმება, მას შეუძლია საჩივარი უკვე სასამართლოში შეიტანოს. აბიტურიენტის საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი ვალდებული იქნება, იგი  ჩარიცხულთა სიებს დაამატოს”, – ამბობს ეროვნული გამოცდების ცენტრის იურისტი სოფო გიორგაძე. მისივე თქმით, მსგავსი  შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი