საზოგადოება

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გამოცხადდება

13 ოქტომბერი, 2023 • 1697
პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გამოცხადდება

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გამოცხადდება.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ დღეს განაცხადა, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისა და პარლამენტში გაგზავნის გარდა, მიზანშეწონილი იქნება, საკონსტიტუციო სასამართლომ ღია სხდომაზე განხილულ საქმეზე გადაწყვეტილება ასევე სხდომაზე გამოაცხადოს.

„დღესაც ვიმუშავებთ მთელ დღეს და საბოლოო დასკვნას ჩამოვაყალიბებთ. [საკონსტიტუციო წარდგინება] დარეგისტრირდა 14 ოქტომბერს და პლენუმს გადაეცა 15-ში, ანუ პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი. მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს. მიზანშეწონილი იქნება ასევე გადაწყვეტილების დარბაზში გამოცხადება“, — განაცხადა ტურავამ.

მისი თქმით, ევა გოცირიძემ „ძალიან მოკლე დროში შექმნა ეს ტექსტი“, რომელიც 50-60 გვერდზე მეტია. მოსამართლეებს პროექტში ცვლილებები შეაქვთ და საბოლოო ტექსტს შეაჯერებენ.

5 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა განხილვა, სადაც მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში ვიზიტებით გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. დასკვნას სასამართლო კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს პარლამენტს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დაადგინოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი