ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლულთა რაოდენობა 11 ოქტომბრისთვის 1200-მდე გაიზარდა, დაშავებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი, 150-მდე კი გატაცებულია ღაზის ტერიტორიაზე.
ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს კი 7 ოქტომბრის შემდეგ 950-მე ადამიანი ემსხვერპლა ღაზაში, დაშავებულთა რაოდენობა კი 5 ათასს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სრულად აღადგინეს კონტროლი სამხრეთის საზღვარზე ღაზასთან, გასული ერთ დღის განმავლობაში კვლავ იყო შეტაკების ცალკეული შემთხვევები. ზოგ შემთხვევაში რამდენიმე „ჰამასელმა“ კვლავ სცადა შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, ზოგი კი იმალებოდა, მაგალითად, ქალაქ აშკელონში. ისრაელი აცხადებს, რომ სამხედროებმა ყველას ლიკვიდაცია შეძლეს, ლიკვიდირებულ ტერორისტთა საერთო რაოდენობა, ჯამში, 1500-ს აღწევს.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორთან უკვე შეკრებილია 300 ათასი სრულად აღჭურვილი მათი სამხედრო, რომლებიც მზად არიან ღაზაში ოპერაციის ჩასატარებლად.
არმიისვე განცხადებით, „რაც უფრო ინტენსიური გახდება ბრძოლა, მით უფრო რთული სურათი შეიქმნება ღაზის სექტორში და სულ უფრო რთული იქნება მასთან გამკლავება და მისი გაგება.“ მიუხედავად ამისა, ისრაელი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერას შეინარჩუნებს.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი მასშტაბის თავდასხმა და მსხვერპლი ებრაელებს არ ჰქონიათ მეორე მსოფლიო ომის დროს მათ წინააღმდეგ ჩადენილი ჰოლოკოსტის შემდეგ. შესაბამისად, ისრაელი გეგმავს ისეთი ოპერაციის ჩატარებას, რომელიც მას დაარწმუნებს, რომ „ჰამასს არანაირი სამხედრო შესაძლებლობა აღარ დარჩა“.
თავის მხრივ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ სრულ ბლოკადაში მოქცეულ ღაზას სექტორში მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.
მთავარ ფოტოზე: მოკლული ჯარისკაცის დაკრძალვა ისრაელში. EPA-EFE/ABIR SULTAN